კერძო სექტორში 20 ლარიანი, ხოლო საჯაროში 135 ლარიანი მინიმალური ანაზღაურება არაადეკვატური და სასაცილოა

კერძო სექტორში 20 ლარიანი მინიმალური ხელფასი, ხოლო საჯარო სექტორში – 135 ლარიანი, არაადეკვატურია და ამის გადახედვა უნდა მოხდეს, აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

“20 ლარი მინიმალური ხელფასი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არადეკვატურიც. 1999 წელს დაწესებული ეს ოდენობა არ შეესაბამება რეალობას და აქედან გამომდინარე მისი გადახედვა არის მნიშვნელოვანი. ასევე, საჯარო სექტორში არსებული მინიმალური ანაზღაურება 135 ლარი, რომელიც 2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრა, ესეც მე ვფიქრობ, რომ არ არის ადეკვატური, რადგან საარსებო მინიმუმი გაცილებით უფრო მეტი არის. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები ამ მხრივ არის აუცილებელი. პირველ რიგში ჩვენ სწორედ პოლიტიკის შეცვლას და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მინიმალური სტანდარტების დადგენას ვითხოვთ”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა დღევანდელ პრეზენტაციაზე, სადაც მან მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად წარადგინა.

რაც შეეხება პროფკავშირების გაერთიანებას. როგორც მისმა თავმჯოდმარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი რეალობა არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ სიტუაციასთან, რაც საკანონმდებლო სივრცეში გვაქვს.

”მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში არის 20 ლარი, ხოლო საჯარო სექტორში -135 ლარი იმ დროს, როდესაც არსებობს კანონი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით და სახელმწიფოს აქვს შემუშავებული საარსებო მინიმუმი, რომელიც გახლავთ 161 ლარი დღეის მდგომარეობით.
ეს კვლევაც აჩვენებს, რომ საქართველოში 22%-ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს. აბსოლუტური აბსურდია ის, რომ თითქოს მინიმალური ხელფასის დაწესება გამოიწვევს ინვესტიციების შეჩერებას და დამსაქმებლები გაიქცევიან საქართველოდან. ამ კვლევაში არის რამოდენიმე უცხოური, ბრენდული კომპანიის, მათ შორის ”ნაიკის”, ”ადიდასის” და სხვა, რომლებიც მთავრობას წერენ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ სწორედ იმიტომ იკავებენ თავს საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციისგან, რადგან ქვეყანაში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად ქაოტური მდგომარეობა”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ფასადი ჩამოიშალა
შემდეგი სტატია“ტყუილია რუსეთის განცხადებები, რომ საქართველოსთან დათბება ურთიერთობა ან სავიზო რეჟიმი გაუქმდება” -სერგო რატიანი