კატასტროფა გარდაუვალია საქართველოს სარკინიგზო სისტემაში

როგორც ვიცით, „საქართველოს რკინიგზამ“ 2016 წლის 25 მაისს განახორციელა სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Stadler Rail AG-ის ოთხი ორსართულიანი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვა. ოთხ მატარებელში საქართველომ გადაიხადა დაახლოებით 45 000 000 აშშ დოლარი. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ ჩვენ ამ მატარებლების შესყიდვას არ მივესალმეთ, რადგან ეს მატარებლები საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან არათავსებადი იყო და არის დღესაც. ჩვენ აგრეთვე მივუთითებიდით იმაზე, რომ მატარებლების შესყიდვა არარაციონალური იყო ეკონომიკური თვალსაზრისითაც, მიუხედავად იმის, რომ რკინიგზა აცხადებდა ამ მატარებლების იაფად შესყიდვის შესახებ.

მოგეხსენებათ, „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებლები საქართველოში 2016 წლის ივლისში შემოვიდა. მატარებლების საექსპლუატაციო ვადა ოფიციალურად არის 40 წელიწადი. ქვეყნის სარკინიგზო სისტემაში შემოსვლიდან დაახლოებით ოთხ თვეში „საქართველოს რკინიგზა“ შპს „ტავრიდა ელექტროსისტემასთან“ აფორმებს 45 200 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას ლიანდაგქვეშა წყვილთვლების საჩარხი დაზგის დაჩქარებული წესით დამონტაჟების შესახებ და ამას ხსნის გადაუდებელი აუცილებლობით.

გადაუდებელი აუცილებლობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ლიანდაგქვეშა წყვილთვლების საჩარხი დაზგის უქონლობის შემთხვევაში „საქართველოს რკინიგზა“ ვერ უზრუნველყოფს ორსართულიანი ელექტრომატარებლების დაზიანებული წყვილთვლების „გაჩარხვას“, რაც ავტომატურად გამოიწვევს მატარებლების გაჩერებას. აღნიშნული ვითარების დადგომით „საქართველოს რკინიგზა“ ვერ უზრუნველყოფს ხსენებული მატარებლებით მგზავრთა გადაყვანას.

თავი რომ დავანებოთ „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებლების არათავსებადობას საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან, რის გამოც ის ვერ ახრეხებს მგზავრთა მომსახურებას საქართველოს რკინიგზის შუალედურ სადგურებში თბილისიდან ბათუმამდე, თავი რომ დავანებოთ იმ სიცრუეს, რომ მატარებლები თითქოსდა იაფად შეისყიდა „საქართველოს რკინიგზამ“, არადა სინამდვილეში ის გაცილებით უფრო ძვირი უჯდება კომპანიას, ვიდრე გამოცხადებული ღირებულებაა, იმ პირობებში, როცა „საქართველოს რკინიგზამ“ ვერ წარმოადგინა გერმანელი რკინიგზის ექსპერტების მიერ დადებული დასკვნა იმის შესახებ, რომ „შტადლერის“ მატარებლები აბსოლუტურად თავსებადია საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან, ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სარკინიგზო სექტორში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს სარკინიგზო სისტემაში, „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი“ აცხადებს:

1) საქართველოს სარკინიგზო სისტემაში „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებლების ექსპლუატაცია ხასიათდება უმაღლესი რისკით უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით!
2) „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭო უნდა გადადგეს.
3) მთავრობამ სასწრაფო წესით უნდა შექმნას დროებითი კომისია, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას საქართველოს სარკინიგზო სისტემაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სარკინიგზო სისტემაში კატასტროფა გარდაუვალია.

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი
დათო გოჩავა

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ცისკარიძის განცხადებით, ბათუმის მერობის კანდიდატად პოლიტიკური პარტია წარადგენს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე რუსეთისთვის დახმარების თაობაზე ნოტის გაგზავნას „ფორმალური პროცედურით“ ხსნის