კამანის ტრაგედია – „ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი“…

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 26, 2015 14:35

კამანის ტრაგედია – „ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი“…

მნიშვნელოვანი

  • კამანის ტრაგედია - „ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი“...

სხვა სტატიები

კამანის ტრაგედია - „ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი“...მასალა, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ერთი წლის წინ გამოქვეყნდა ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის ავტორობით, სააგენტო „from.ge”-ზე. თემა, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ და ტრაგედია, რომელზედაც ჩვენს შვილებს ყოველთვის უნდა ვესაუბროთ, რათა მათ დაიბრუნონ აფხაზეთის წმინდა მიწა…
მაშ, ასე, კიდევ ერთხელ…

„ათასჯერ დავიწყე ამ ინტერვიუს შესავლის წერა… ათასჯერ წავშალე… არაფერი გამომივიდა, ვერაფერი დავწერე… ბოლოს როგორც იქნა მივხვდი რომ ვერაფერს დავწერ…
ამ ისტორიის ერთი პატარა მონაკვეთი, რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის სცენარში „ციცინათელები“ ამოვიკითხე. ეს არის ფილმის სცენარი, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და ომზეა.
და როცა ვიკითხე ეს ეპიზოდი ნამდვილად მოხდა თუ არა-მეთქი, შემრცხვა რომ ეს ისტორია არ ვიცოდი…
რასაც ქვემოთ წაიკითხავთ შეიძლება ბევრმა მეტ-ნაკლებად იცით, შეიძლება არ იცით… ეს არის ტრაგიკული ისტორია ერთი ოჯახისა, რომელიც საქართველოს მთელ უახლეს ისტორიას მოიცავს…
რა იყო გუშინ, გუშინწინ ამას წაიკითხავთ ინტერვიუში, რომელიც დიდი მოცულობის გამო რამდენიმე ნაწილად წაროგიდგენთ…

კამანის ტრაგედია - „ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი“...
მანანა ანუა, აფხაზეთიდან დევნილი:
– ბატონებთან ლევან ანჯაფარიძესთან და ზაურ კალანდიასთან მქონდა შეხვედრა, რა დროსაც რეჟისორმა გამოხატა სურვილი ჩვენი ოჯახის ისტორია სცენარში შეეტანა. სცენარი წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ ვერ დავრჩი გულგრილი, მან შესძლო დაენახა ის, რაც იყო რეალობა. სცენარში შეულამაზებლად არის ასახული სიმართლე. მე დავიბადე ოჩამჩირეში, ძალიან ტრადიციულ აფხაზურ-ქართულ ოჯახში, მამაჩემი, იური ანუა, აფხაზია; დედაჩემი, ზოია ადამია – ქართველი. ხუთი წლის ვიყავი, როცა სოხუმში გადავედი, სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხვამდე სოხუმში ვცხოვრობდი. მამაჩემი აფხაზეთში ძალიან ცნობილი ადამიანი იყო, თავისი განათლებითა და კულტურით, მან ოჩამჩირის სკოლა ოქროს მედალზე, ხოლო მოსკოვში სამშენებლო ინსტიტუტი წარჩინებით დაასრულა. მან თავისი მოღვაწეობა ინჟინრობიდან დაიწყო და თავისი ცოდნით მიაღწია იმას, რომ წლების მნაძილზე ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მას ძალიან ხშირად სთავაზობდნენ ყოფილიყო აფხაზეთის პირველი პირი, რაზედაც ის კატეგორიულ უარს აცხადებდა. მამაჩემისთვის მთავარი მისი პრინციპები და იდეალები იყო, რაშიც სრული თავისუფლება სჭირდებოდა და თვლიდა, რომ თანამდებობა მას შეზღუდავდა. იური ანუა ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო, ის და ჩვენ, მთელი ოჯახი ილორში ვართ მონათლულები.
ჩემდა სამწუხაროდ კამანის შესახებ პირველად გავიგე…
– სამწუხაროდ, კომანი ბევრმა არ იცის, ეს არის ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი ნაკრძალი, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა აქვს. მეოთხე საუკუნეში კომანში გადასახლებული იყო უდიდესი მღვდელთმთავარი, წმინდა იოანე ოქროპირი. ის კონსტანტინოპოლიდან უსამართლოდ განდევნეს, ფეხით წამოსული გზად დაუძლურდა, მას კომანში წმინდა ვასილისკო (ის კამანში იყო ნაწამები) გამოეცხადა და უთხრა „ხვალ ერთად ვიქნებით უფალთან“.
32 წელი იოანე ოქროპირის სხეული კომანში, ქვის ლუსკუმაში იყო განსვენებული. ამ პერიოდში რამდენჯერაც სცადეს მისი სხეული ლუსკუმიდან ამოესვენებინათ და კონსტანტინოპოლში გადაესვენებინათ. საოცარ ფენომენს აწყდებოდნენ, თითქოს სხეული ლუსკუმას იყო მიკრული. ვერ ამოასვენეს. დედოფალი, ვინც იოანე ოქროპირი გადაასახლა კონსტანტინოპოლიდან, მის მემკვიდრე შვილს, იმჟამინდელმა პატრიარქმა, წმინდა იოანე ოქროპირის მოწაფემ, უთხრა შენდობა ეთხოვა წმინდანისთვის. დედოფლის შვილმა დაწერა წერილი, რომელიც კომანში წმინდა იოანეს განსასვენებელთან წაიკითხეს. ამის შემდეგ სხეული ლუსკუმიდან ძალიან ადვილად ამოასვენეს და გადაასვენეს კონსტანტინოპოლში.
კომანში დარჩა ლუსკუმა, რომელშიც წმინდანი განისვენებდა. ეს იყო უდიდესი სიწმინდე, სადაც ადამიანთა განუსაზრვრელი რაოდენობა დადიოდა. ყველა მათგანი ცდილობდა ლუსკუმის პატარა ნატეხი წაეღო და შეენახა. მოგეხსენებათ ჩვენი პატრიარქი აფხაზეთში 10 წელი იყო მიტროპოლიტი, ლუსკუმის დაცვის მიზნით მან ის სოხუმის საკათედრო ტაძარში გადააბრძანა. წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარი კამნაში მამაჩემმა აღადგინა. იქ იყო ნანგრევებად შემორჩენილი უძველესი ტაძარი, სადაც სსრკ-ს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ მორწმუნეები მოსალოცად. იქ ბევრი სასწაული ხდებოდა. კომანში მოხდა წმინდა იოანე ნათლისმცემელის თავის მესამედ პოვნა. ეს ადგილი ძალიან ძნელად მისასვლელი იყო და ჯანმრთელობის გამო ყველას არ ქონდა იქ ასვლის საშუალება. მამაჩემმა ააშენა 1500-საფეხურიანი კიბე იოანე ნათლისმცემლის თავსი განსასვენებელთან მისასვლელად, ამ კიბეებზე იყო მოსასვენებელი ადგილები, ჯანმრთელობაშერყეულ ადამიანებს ასვლა რომ გაადვილებოდათ.
დრომ და გარემოებამ დაანგრია ეს კიბეები?
– არა, დღემდეა. კომანში არის კიდევ ერთი სიწმინდე – წმინდა ბასილისკოს წყარო, რომელიც პირდაპირ კლდიდანაა ამოხეთქილი, იმ დროს, როცა მას აწამებდნენ. წმინდა ბასილისკო წმინდა გიორგის ნათესავი და თეოდორე ტირონის დის წული იყო. ის გადასახლების შემდეგ კომანში აწამეს. კომანში დღემდეა შემორჩენილი ქვები, რომელსაც ამჩნევია წმინდა ვასილისკოს სისხლი.
ვნახე ეს სურათები… დამტკიცებულია, ვისია ეს სისხლი?
– კი, დადასტურდა. წყაროსთან კომუნისტების დროს ამოთხარეს ძალიან დიდი წყალსაცავი. მთავრობა ძალიან გაღიზიანებული იყო ამ ადგილებში მორწმუნეები რომ ლოცულობდნენ და იფიქრეს, რომ წყალსაცავით გადაუღობავდნენ ადამიანებს გზას. მოხდა სასწაული, ტექნიკურად წყალსაცავში წყალი ვერ გაიყვანეს და წყალმა მოსახლეობის სახლებში ამოხეთქა. წყალსაცავის მშენებლობას თავი დაანებეს, ადგილი დაჭაობდა, ფსკერი ქვეწარმავლებით გაივსო და მიუხედავად იმისა, რომ უკვე იქ საშიში იყო გავლა, მორწმუნეები მაინც დადიოდნენ.
მამაჩემმა იფიქრა, რომ მას უნდა აღედგინა ეს ყველაფერი და წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრის აღდგენით დაიწყო, შემდეგ ააშენა კიბეები და წყალსაცავის უზარმაზარი ორმო მიწით შეავსო. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა მამაჩემის მიმართ წარმოებული საშინელი რეპრესიების ფონზე – გახსოვთ, იმ პერიოდში ეკლესიური ყველაფერი იდევნებოდა. მიუხედავად ამისა, მამა მაინც მიდიოდა თავისი მიზნისკენ, მას მისმა უწმინდესობამ აჩუქა კელაპტარი, რომელსაც ყოველ დღე ანთებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პატრიარქის კურთხევა შეესრულებინა.
მამამ თავისი დასახული მიზანი შეასრულა, ტაძრის გახსნისას პატრიარქი ჩამობრძანდა რა დროსაც მამაჩემი დააჯილდოვა წმინდა გიორგის ღირსების ოქროს ორდენით, მაღალი სულიერობისათვის. ეს ორდენი მამას არასდროს მოუხსნია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ დიდი სიყვარულითაა აშენებული ეკლესია. ქვები, რომელიც მშენებლობისათვის იქნა გამოყენებული, აფხაზეთის ყველა კუთხიდან, საქართველოს ყველა რეგიონიდან იქნა ჩამოტანილი და ასე, თითო თითო ქვით აშენდა ტაძარი. სახატეები ისე ლამაზადაა, ისეთი ლამაზი ჩუქურთმებით გაკეთებული… ხელოსანი ამ ყველაფერს ხელით აკეთებდა, ხატები სპეციალურად დაიწერა, ძველი ხატები რუსმა რესტავრატორმა, ბორისმა არადგინა, ძალიან ნიჭიერი იყო. სახატეები ალექსანდრემ გააკეთა. მამა ფიქრობდა, რომ დიდი რეზიდენცია, თავისი სახელოსნოებით გაეკეთებინა. სახლი კარკასის მდგომარეობამდე მიიყვანა და ამ დროს დაიწყო ომი…
ბერები ცხოვრობდნენ იქ?
– უამრავი იდუმალი ბერი, როგორც ათონის მთაზეა. რევოლუციამდე ეს იყო სამონასტრო ტერიტორია, სადაც 1500 მონაზონი მოღვაწეობდა, იქ მოსახლეობა არ ცხოვრობდა, ახალ ათონში იყო მამათა მონასტერი, დედათა მონასტერი – კომანში. მამაჩემს უთხრეს ერთხელ, რომ მას ეშმაკი ამ სიკეთისთვის ბრძოლას დაუწყებდა. მე ამ პერიოდში უკვე მორწმუნე ვიყავი და მამა დავამშვიდე, ხომ ხედავ რა სიძნელეები გადაიტანე იმის გამო, რომ ეს ყველაფერი აგეშენებინა, ეშმაკის ბრძოლა ზუსტად ასე გაგრძელდება-მეთქი. აბა, მე რას წარმოვიდგენდი რა სიძნელეების გადატანა მოგვიწევდა…
დაიწყო ომი..
– დაიწყო ომი… ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მამაჩემის პოზიცია იყო ასეთი – მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ომში ის ყოფილიყო მხარე. ჩვენთვის ქართველი და აფხაზი ერთი იყო.
მაგრამ, თავად ხომ აფხაზი იყო…

მამაჩემისთვის მიუღებელი იყო, იარაღი აეღო ხელში და რომელიმე მხარის წინააღდმეგ ებრძოლა. ის ვერ გაისვრიდა ქართველის წინააღმდეგ, მას ეს მკრეხელობად მიაჩნდა და დაიკავა ყველაზე ამაღლებული პოზიცია. ეს იყო ეკლესიის გზა, სულიერი პოზიცია! მამა დარჩა ტაძარში და სადაც დღედაღამ ლოცვა მიმდინარეობდა… მამაჩემს ჰქონდა საშუალება ნებისმიერ წუთს გამოსულიყო თბილისისკენ, ან მოსკოვისკენ, მაგრამ მან ეს არ გააკეთა!
და სწორადაც მოიქცა…
– დიახ, მან ეს არ გააკეთა, შეეძლო კი… იგი იყო იქ, სადაც იყო მისი ხალხი. ის იდგა ამ კონფლიქტზე მაღლა. ბრეხტის სიტყვები მახსენდება – „სამყარო შუაში გაიყო და ბზარმა ჩემს გულში გაიარა“. ზუსტად ასეთი მდგომარეობა ჰქონდა მამას.
მაგრამ როგორი იყო რეაქცია?
– ჩვენი იქ ყოფნის დროს მამას ორჯერ დასწამეს ცილი. ქართველებმა მას უთხრეს, რომ ის იყო მოღალატე, და რომ მამა აფხაზებს აწვდიდა იარაღს. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენს სახლში, მიწაში იარაღის სამალავი იყო გაკეთებული. ეს მამისთვის იმდენად საწყენი იყო, ვერ გადმოგცემთ.
კონკრეტულად ვინ თქვა ეს?
– ჩვენს მეზობლად იყო სოფელი შრომა, ამ სოფელში იყო რაღაც ჯგუფი შექმნილი. მათ თქვეს ეს. აგრესია იმდენად დიდი იყო, რომ იყო საშიშროება იმისა, რომ ჩვენ (მამაჩემი, დედაჩემი და მე) მოგვკლავდნენ. არადა, არანაირი სამალავი ეზოში არ იყო, რაც შემდეგ დრომ დაადასტურა კიდეც. არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს მოსაზრება. სხვათა შორის, ამ ნათქვამს ასე არ ჩაუვლია. მერე, აფხაზებმა დასწამეს მამაჩემს ცილი, ქართველებს ეხმარებოდი და იარაღს აწვდიდიო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, ეს იმაზე მეტად მტკივნეული იყო მამაჩემისთვის იმასთან შედარებით, რაც მან მოგვიანებით ფიზიკური ტკივილით მიიღო.
მამა იდგა ეკლესიის მხარეს. ყველამ იცოდა, როგორი მორწმუნე იყო ის და რაოდენ დიდი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული ძალიან ბევრისთვის. მან ძალიან მტკივნეულად აღიქვა ეს ბრალდებები. ამ პერიოდში ჩვენთან მოძღვარი იყო 27 წლის ასკეტი ბერი, მამა ანდრია. მამა გვერდით დაუდგა მამა ანდრიას. 24 საათი წირვა-ლოცვა სრულდებოდა ეკლესიაში, გადიოდა ბრძოლის წინა ხაზზე და ნათლავდა ადამიანებს, აზიარებდა. ერთხელ მოხდა ასეთი რამ: რამდენიმე ადამიანი გვესტუმრა, მათი სტუმრობიდან მეორე დღეს ჩვენი ჭიშკრის წინ დავინახე მოკლული თეთრი ცხენი, ეს იყო ნიშანი – სწორედ ამ დღეს დაბომბეს ჩვენი სახლი და დაწვეს.
დაბომბვის დროს სად იყავით?
– სახლში… ადრე მამასთვის ნათქვამი მქონდა, რომ მას სახარება ბოლომდე წაეკითხა… დაბომბვის დროს გაოგნებული დავრჩი იმით, რაც მოხდა. იწვოდა ყველაფერი. სახლი, ეზო ალშია გახვეული, მამაჩემი გარბის, შედის სახლში, ეძებს სახარებას და იწყებს მის კითხვას. ჩვენ ეზოში ვიყავით, მამაჩემი კი სახლიდან მანამ არ გამოვიდა, ვიდრე კითხვა არ დაასრულა. ამ დროს მოვიდა მამა ანდრია, შევარდა სახლში და ალმოდებული სახლიდან ხატები გამოიტანეს. ეს მოხდა დაახლოებით ერთი თვით ადრე, კომანის აღებამდე. ოთხ ივლისს აიღეს კამანი.
ჩვენ გვყავდა ორი ნაგაზი და მათგან ერთი დაიღუპა ნამსხვრევებისაგან. იმ დღეს ვუთხარი მამას და დედას – წავიდეთ ეკლესიაში, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ. წამოვიღეთ ხატები და წამოვედით. ვგრძნობდი, რომ ძალიან საშინელი რაღაც უნდა მომხდარიყო. დილის 4 საათზე სროლა დაიწყო, ღამით მდინარე გადმოულახავთ. მამა ანდრიამ გვითხრა, რომ შეიძლება ნებისმიერ წუთს წარვდგეთ უფლის წინაშე, ამიტომ მე ჩავიბარებ აღსარებას და გაზიარებთო. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, მოგვესმა ხმა – „გვიშველეთ“. მამაჩემი არ გაუშვა გარეთ მამა ანდრიამ, თავად გავიდა. ეკლესიასთან ხეიბრები მოსულან და ისინი ითხოვდნენ ეკლესიაში შემოსვლას, მოიყვანა ეს ადამიანები მამაომ.
ხეიბრები როგორ მოხვდნენ იქ?
– მახლობლად იყო ხეიბართა სახლი, 4 ადამიანი შემორჩენილა იქ. მამა ანდრიამ მათაც უთხრა – გაზიარებთო. ყველამ ჩავაბარეთ აღსარება, ვეზიარეთ, მხოლოდ ერთი ხეიბარი, ლექსო, არ დათანხმდა. ცოტა გონებასუსტი იყო და ვერაფრით ვერ გაიგო, რა ხდებოდა. ლექსო ისტერიკაში ჩავარდა და ვერ აზიარა მამა ანდრიამ. როდესაც გვაზიარა მამა ანდრიამ, გვითხრა, იყავით ჩუმად და საკუთარ სულს უსმინეთ… იმდენად რეალური გახდა ჩვენთვის სიკვდილთან შეხვედრა, რომ ამ ყველაფერმა ბუნებრივი სახე მიიღო. ერთადერთი, რაზედაც ვფიქრობდით, იყო ის, რომ ღირსეულად მოვმკვდარიყავით. სულ ვფიქრობდი, ნეტავ ჯერ ჩვენ მოგვკლან და მერე მამა ანდრია…
ცეცხლის ალში იყო გარშემო ყველაფერი მოქცეული. ვიცოდით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ძალიან კარგი ქალბატონი, ვაჟკაცი რასაც ქვია, ნელი პაკელიანი იყო ჩვენთან ერთად, მან უთხრა მამა ანდრიას იარაღი უნდა ავიღო და ვიბრძოლო ჩემს მეუღლესთან ერთადო. მამა ანდრიამ არ აკურთხა, შენი ადგილი აქააო. არ დაუჯერა მამაოს, მაინც აიღო იარაღი და ომობდა, ბოლო პერიოდამდე იბრძოდნენ ჩვენი სოფლის ბიჭები. რომ შეხედეს, არაფერი გამოდიოდა და აგებდნენ, მამა ანდრიას უთხრეს, ტყვიამფრქვევი უნდა ავიტანოთ სამრეკლოზეო, რაზედაც მამა ანდრიამ უარი უთხრა, არ შეიძლება ეკლესიიდან სროლაო. სამწუხაროა, მაგრამ არც ამ ბიჭებმა დაუჯერეს მამა ანდრიას. დაიწყეს სამრეკლოდან სროლა, რამაც დიდი აგრესია გამოიწვია. ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი, ნელის შავი ხალათი ეცვა და ყველას ეგონა რომ ის იყო მონაზონი…
მძიმეა…
– კი, ძალიან მძიმე მოსასმენია და ძალიან მძიმე მოსაყოლი, უმძიმესია თავად ფაქტი. ეკლესიაში შემოვიდა შერეული ჯგუფი, მათ შორის იყვნენ ქართველებიც, მე მათ ვკითხე, თქვენ რატომ ხართ აქ და მათ მიპასუხეს – ჩვენ შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვითო. როცა კარზე დააბრახუნეს, მამა ანდრიას მამაჩემმა უთხრა მე გავაღებ კარსო, მამამ გააღო კარი… გამოდით ყველაო – თქვეს. მამაჩემს უთხრეს, მოღალატე ხარ, როგორ არ იბრძვიო. მამაჩემმა უთხრა: „მე ნამდვილი აფხაზი ვარ და ვიცი ნამდვილი აფხაზები ვინ არიან“. კონდახის ცემით გაიყვანეს მამაჩემი ტაძრიდან და თქვეს, რომ უნდა წაიყვანონ შტაბში. მას შემდეგ მამა არ გვინახავს…
მამა ანდრია გაიყვანეს და ჩვენ დავრჩით ტაძარში – მე, დედაჩემი და ხეიბრები. აქ მოხდა ძალიან საშინელირამ. ტაძარში შემოვიდა მეომარი, რომელიც არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. ეკლესიაში საომარი მდგომარეობის შედეგად, ელექტროგაყვანილობა იყო გაწყვეტილი და ბნელოდა. მეომარს დაუვარდა ქუდი და ფანარი აანთო და დაინახა სკამებზე მსხდომთა ფეხები. მწკრივში ისხდნენ ხეიბრები, დედაჩემი საკურთხეველთან იყო, მე შემოსასვლელთან ღვთისმშობლის ხატთან ვიყავი დაჩოქილი და ვლოცულობდი „ღვთისმშობელო მარიამ გიხაროდენ“… მეომარმა რომ დაინახა ხეიბრები, რუსულად ამბობს: „მე მომიკლეს ცოლი, მომიკლეს შვილი და მე შური უნდა ვიძიო“. საწყალმა ლექსომ უთხრა, რა საწყენიაო. ჯარისკაცმა აიღო ავტომატი და ლექსო დაცხრილა…
ტაძარში?!
– დიახ, სხვები დაჭრა. შიშისაგან იმდენად გაქვავებული ვიყავი, ვერ გადავაადგილდი, გულში ვიძახოდი ერთ სიტყვას – ღვთისმშობელო, ღვთისმშობელო, ღვთისმშობელო… გაუთავდა ტყვია და გავიდა. ლექსოს ცოლს მოწყვიტა ხელი, კანის რაღაც ნაწილზე ქონდა ჩამოკიდებული მოწყვეტილი ხელი, სისხლისაგან იცლებოდა. თავსაფარი მოვიხსენი და ჭრილობაზე გადავუჭირე… უკვე რეალურად ვიცოდი რომ სიკვდილს ვერ ავცდებოდი. ლექსო მკვდარი ზის, მისი პატარა შვილი შიშმა იატანა… ჩვენ, ყველანი, ღვთისმშობლის ხატთან მივედით, დავიჩოქეთ და იქ ვიყავით დამალული. შემოვიდა ისევ ჯარისკაცი, სონიას ხელი ძალიან ტკიოდა, კვნესოდა. დედაჩემი არის ძალიან ვაჟკაცი სულის პატრონი, სონიას მკაცრად უთხრა: „ახლა თუ არ გაჩერდები, მე მოგწყვიტავ ხელს“. სონია რომ არ გაჩუმებულიყო, ყველას დაგვცხრილავდნენ. მობრუნდა ჯარისკაცი, ლექსო ისევ იქ „იჯდა“… მთვრალმა ვერ გაარჩია, ლექსო ცოცხალი იყო თუ მკვდარი, აიღო იარაღი, მთელი მჭიდი დააცალა და გავიდა ტაძრიდან. დედაჩემმა თქვა, რაღაცნაირად დავიცვათ თავიო. ეკლესიის კარი ძალიან მასიური იყო, დედამ კარი ურდულით გადაკეტა. მამა ანდრია გაყვანილია, მამაჩემი გაყვანილია, ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ, ლექსო მკვდარია, სონია სისხლისაგან იცლება… ენით აუტანელი კოშმარი გადავიტანეთ იმ ღამით, დილით გვესმის – „სამედიცინო დახმარება ვართ, კარი გააღეთ…“
(გაგრძელება იქნება)

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 26, 2015 14:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics