კალაძე: საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

მისივე თქმით, სამი ქვეყნიდან, რომლებსაც წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი აქვთ შეტანილი, საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მოწინავეა.

„კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული და შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ იმ სამი ქვეყნიდან, რომელსაც წარდგენილი აქვს კანდიდატობაზე განაცხადი, საქართველო არის ყველაზე წინ, ყველანაირი რეფორმით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით. რა თქმა უნდა, მოლოდინი პოზიტიურია, რადგან როგორც აღვნიშნე, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, წევრობის სტატუსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობს უვიზო მიმოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეფორმები გრძელდება. ძალიან კარგად გვესმის, რომ საბოლოო წევრობისთვის ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ვართ ის მთავრობა, ადამიანები, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ რეფორმები იქნას განხორციელებული, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკითხზე საუბრისას, კახა კალაძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჰკითხა: „პოლიტპატიმრებითაც წინ ხომ არ არის ჩვენი ქვეყანა“, რაზეც კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„საბედნიეროდ, პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. წარსულს ჩავაბარეთ დრო, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ და განსხვავებული მოსაზრებების გამო აკავებდნენ, იჭერდნენ ხალხს. ეს ყველაფერი დასრულდა“, – განაცხადა კალაძემ.

ამავე მედიის წარმომადგენელის კიდევ ერთ კითხვას, „ევროპელი პარლამენტარები ფიქრობენ, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს“, კალაძემ ასე უპასუხა: „ეს მათი მოსაზრებაა. ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი წერილი და მიწოდებული „ევროპის სახალხო პარტიისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“მე მიკვირს, რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს” – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ არსებობს, ამ პარტიას ფორმალური ლიდერი ჰყავს ნიკა მელია და არაფორმალურად მართავს მიხეილ სააკაშვილი