კალაძე: ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

ამის შესახებ თბილისის მერმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაფერს გააკეთებს.

„მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი. პარალელურად, ვარ დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ დამაკისრა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, თბილისის მერის თქმით, მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება.

„ამასთან დაკავშირებით გითხარით ჩემი პოზიცია, რომ მოგვიანებით, საზოგადოებისთვის ყველაფერი იქნება ცნობილი. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვარ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, პარალელურად, ვარ დედაქალაქის მერი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციებს, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვარ, ამ გუნდში ვსაქმიანობ უკვე ბევრი წელია, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშითბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოეცა
შემდეგი სტატიაკალაძე: შეთანხმებაში ჩაწერილია, რომ ამნისტია შეეხება ყველას