კახა მიქაია:ედუარდ შევარდნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით დაგვირგვინდა!

“თაიმერის” დღევანდელი სტუმარია “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

– ბატონო კახა,როგორ შეაფასებდით 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევენებს?
– როგორც ყველამ ვიხილეთ, ედუარდ შევარდნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით დაგვირგვინდა! 2017 წლის 21 ოქტომბერს, საბოლოოდ დასრულდა ,,ქართული ოცნების”, პოლიტიკურ მონსტრად ჩამოყალიბების პროცესი. საზოგადოებამ არჩევნების შედეგად მიიღო პოლიტიკური ძალა, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე. დანარჩენ პარტიებს არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყნის მართვის პროცესში ჩართვის არანაირი შესაძლებლობა და უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ფაქტიურად, ქვეყანაში დამყარდა ერთპარტიული მმართველობა.

,,ქართულმა ოცნებამ” გააგრძელა მოქალაქეთა კავშირის და ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიცია, როდესაც მმართველ ძალას ერთპიროვნულად შეუძლია ყველა გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, 21 ოქტომბრის არჩევნები არის ქართული დემოოკრატიის მარცხი და ევროპული დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი.

“ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც პოლიტიკურ პარტიას, არა მგონია, მომავალში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, ხოლო მის ცალკეულ ლიდერებს და რიგით წევრებს კი, ნამდვილად გააჩნიათ პოლიტიკური კარიერის გაგრძელების შანსი აწ უკვე “ქართული ოცნების” რიგებში, რადგან დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ “ნაციონალების” “ოცნებაში” პორტირების ტენდენცია უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. თუ დავაკვირდებით, მმართველი პოლიტიკური ძალის რიგებში, წამყვან პოზიციებზე ყოფილი “მოქკავშირელები”, ნაციონალები და ქართუ ბანკის თანამშრომლები არიან, მცირედი გამონაკლისის გარდა.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიას, ყველა მათგანის ერთ პარტიდ გაერთიანების შემთხვევაშიც კი, მათი პოლიტიკური მომავალი ბუნდოვანია.

– ბატონო კახა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გამოსავალს რაში ხედავთ?
– რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შექმნილი რეალობიდან ოპტიმალური გამოსავალი კვლავ ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაა, რომელიც კონკურენციას გაუწევს “ქართულ ოცნებას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და შეჰქმნის პრეცენდენტს ქართულ პოლიტიკაში ძალთა ბალანსის არსებობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუალია “ქართული ოცნების” გახრწნა, შიდა დაპირისპირებისა და ინტერესთა კონფლიქტის საფუძველზე მისი დაშლა და ქვეყანაში პოლიტიკური კატაკლიზმების განვითარება.

– მმართველი გუნდი აცხადებს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა…

– “ქართულმა ოცნებამ” შეურაცხყოფა მიაყენა თავად საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც ცხვრებივით აღრიცხა და კიდევ კარგი, საარჩევნო უბნებიდან გამოსულებს მკერდზე ე.წ. ბეიჯები არ დაჰკიდა წარწერით: “მე ხმა მივეცი კალაძეს, შენ?!” ან ,,მე ხმა მივეცი ჭიღვარიას, შენ?!” და ა.შ.

– როგორ შეაფასებდით ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს?

– რაც შეეხება ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს, როგორც მოსალოდნელი იყო, “ნაცმოძრაობის” მომქმედმა წევრმა, როლანდ ახალაიას “კუდის” თანამშრომელმა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ გაიმარჯვა! თუ გახსოვთ, ერთ–ერთ ჩემს “პოსტში”, რომელიც თქვენც განათავსეთ საიტზე, ზუგდიდელებს მოვუწოდებდი, ხმა მაინც მიეცათ “ქართულ ოცნებაში” პორტირებული ნაციონალისთვის ლაშა გოგიასთვის, რადგან ვთვლიდი, რომ გოგიასთვის ხმის მიცემა სჯობდა “ნაცების” კანდიდატ კონჯარიასთვის ხმის მიცემას, მიუხედავად იმისა რომ მათ შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავდი. როგორც იტყვიან, ჩემმა ქალაქელებმა შეისმინეს ჩემი ,,ვედრება” და არჩევნებში გოგიას დაუჭირეს მხარი. (ცნობილი ფაქტია, რეგისტრირებულ ზუგდიდელთაგან არჩევნებში სულ 30% მდე ჩემმა თანაქალაქელმა მიიღო მონაწილეობა.) ზუგდიდელებს ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა – ან გოგია ან კონჯარია, რომლებიც, შესაბამისად, პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ და რომელთა ტანდემს საქვეყნოდ ცნობილმა ერთმა ზუგდიდელმა მელექსემ (იგი სამართლიანად ითვლება სკაბრეზის დიდოსტატად) ლექსპრომტი უძღვნა! აქვე მინდა შევნიშნო, თუ გოგია თავად აღიარებს “კუდელობას”, კონჯარიაც ხშირად შეიმჩნეოდა “კუდთან” თანამშომლობაში და საერთოდ, “კუდის” ხსენებაზე ჩემს თანაქალაქელებს, და არა მარტო მათ, ერთი ადგილის კანკალი ეწყებათ!

აი ეს ლექსპრომტიც:

,,ევრე ,,კუდი,” ავრე “კუდი,”

ქომწით აკა თქვა ღურელეფ

ნამუს მერჩათ, თე ჩქიმ მუნდი?!

დიხამუნაციმალ მუნდი…

დიხამუნაციმალ მუნდი…

– ბატონო კახა, თვიმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი სიჭინავაც მონაწილეობდა.

ბატონ სიჭინავს რომ ვაკვირდებოდი, სულ მახსენდებოდა ფრაზა ფილმიდან “მიმინო” – “Кто он такой этот потерпевший? Куда он пошел?”. მართლა ვერ გავიგე, რატომ მიიღო მონაწილეობა ბატონმა სიჭინავამ მერის არჩევნებში, თანაც მისი შტაბი, წარსულში ახალაიების, ახლა კი ლევან შონიას და გოგი ნაჭყებიას აგენტებით იყო გადატენილი, რაც მისთვის არჩევნებში გამარჯვების შანსს თვიდანვე გამორიცხავდა.

– ბატონო კახა, თქვენმა ბოლო დროინდელმა საგანგებო ბრიფინგებმა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ვნებათაღელვა გამოიწვიეს. რას აპირებთ?

– პირობას ვდებ (იცინის) აწი “ქართულ ოცნებაში” პორტირებულ “ნაცებს” ხელს არ შევუშლი “ნაცმოძრაობაში” დარჩენილი მათი თანამებრძოლების “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება-გადმოპორტირებაში.

ჰა,ბურთი-ჰა, ზუგდიდის სტადიონის ბეტონის ჯებირით შემორაგული მოედანი…(იცინის).

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი კატალონიას ეწვია
შემდეგი სტატიასაბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს