კახა მიქაია: დადიანო, დადიანო, გული არ დაიდარდიანო…

აჰა, ზუგდიდელებო!
როგორ უნდა მოფოცხვა, როგორ უნდა მოხვნა!
შეხედეთ, ნახეთ!
როგორი ჭკვიანი აღმოჩნდა ჩვენი გუბერნატორი
ჩამოვიდა ამერიკიდან(,,ნაციონალებისგან დევნილი”), მიიხედ-მოიხედა, გონება დაძაბა, შეაფასა არსებული ვითარება და ზოგიერთი თქვენთაგანივით როლანდ ახალაის ეზოს კი არ ეცა მოსახვეტად, არა, ბატონებო, დადიანების ეზოს მიადგა და იქ დაიწყო მოფოცხვა და გაწმენდითი სამუშაოები!
,,მალადეც,” ჩემო ციური ბარისოვნა!
ღმერთმა და ივანიშვილმა დიდხანს გვიმყოფოს შენი თავი სამეგრელოს გუბერნატორად, ჩვენო თვალისჩინო, ჩვენო სამეგრელოს მარგალიტო!
ზუგდიდელებო, აიღეთ ,,პრიმერი” გუბერნატორისაგან!
ასეა, ძმაო, ,,ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების”…
მართალია, ციური ბარისოვნას განგებისგან არ ერგო როლანდის ეზოს მოხვეტა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იძულებული რომც გამხდარიყო და როლანდის ეზოს მოხვეტა დავალებოდა, თქვენსავით მაინც არ მოიქცეოდა!
მოხვეტის შემდეგ როლანდის არ ჩაუგდებდა ცოცხს ხელში!
არამედ…
მოხვეტავდა, მოასუფთავებდა იქაურობას და ცოცხს სადმე გადამალავდა ან შორს მოისვრიდა, ბოლოსდაბოლოს თავად გაიკეთებდა ერთ ადგილას, სადაც ჯერ არს, მაგრამ მეგრელებისათვის ამ ცივ იარაღს არავითარ შემთხვევაში არ გადასცემდა ახალაიას სამუდამო სარგებლობაში.
ასე რომ, ზუგდიდელებო, მოუარეთ, გაუფრთხილდით და ცივი ნიავი არ მიაკაროთ ყველა დროის (როლანდის შემდეგ) ყველაზე ,,დიდ ზუგდიდელს”…
აბა, თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ…

P.S. დადიანო, დადიანო,
გული არ დაიდარდიანო,
შენს მამულში ფოცხით ხელში
ეს რა კაცნი დადიანო!

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაში„კანონით დაცული იქნება ბალანსი სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის“ – ნათია მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი – მხარს დავუჭერთ ყველა ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ გამოძიებას, ტატუნაშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დაცვას