კახა კუჭავამ ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა

gulis eleqsiri

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რომელმაც ავსტრიაში პარლამენტების სპიკერების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა კახა კუჭავამ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ სობოტკასთან გამართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას.

„საინტერესო და შედეგიანი სამდღიანი კონფერენცია იყო. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, მათთან, ვინც დაინტერესებული არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით, გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, გამოწვევაზე, რომელთა წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო. ვისაუბრეთ დეოკუპაციასა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას. განსაკუთრებით, გამოვყოფდი ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართა. იგი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით, საპარლამენტო დონეზე, გაღრმავების ძალიან კარგ შესაძლებლობას. ვიტყოდი, რომ ზოგადად, საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. გაიმართება ბევრი სხვა ღონისძიებაც, სადაც საქართველო აქტიურად იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტიც შეაჯამა და განაცხადა, რომ კოლეგებმა მას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მყარი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

„ხშირად მქონდა კოლეგებთან შეხვედრები ონლაინფორმატში, მაგრამ შეუცვლელია პირისპირ შეხვედრები და ამ პირისპირ შეხვედრების დროს მოსმენილი მათი მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ისინი გვერდში გვიდგანან, ელოდებიან იმ ამბიციური რეფორმების განხორციელებას, გეგმების აღსრულებას, რომლებიც ჩვენ დღის წესრიგით გვაქვს დაგეგმილი და დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხარდაჭერითა და ჩვენი მუშაობით საბოლოოდ შევძლებთ მიზნის მიღწევას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

წინა სტატიაშინონიაშვილი: “ოცნება“ საკუთარი საარჩევნო კომისიის წევრებს აკომპლექტებს უშუალოდ „ქართული ოცნების“ წევრებით და კოორდინატორებით
შემდეგი სტატიათვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკო-ც დააკვირდება