კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს – ქურდოვანიძე

კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.

სასამართლომ ცესკოს მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ წარდგენილ სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა და კუჭავას ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

“კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამართლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად “მოულოდნელად”, კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა”.- წერს იურისტი ნონა ქურდოვანიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, მას პირბადე ეკეთა, რომელზეც “ქართული ოცნების” სიმბოლიკა იყო დატანილი.

 

წინა სტატიაშიხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე: პოლიტიკურად ყოველდღე უფრო ძლიერდება
შემდეგი სტატიაBees Airline ოდესა-თბილისი-ოდესის მიმართულებით ფრენებს იწყებს