კახა კალაძე: მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მთავარი მიზანია ქალაქი თითოეული თბილისელის ინტერესს მოერგოს და თბილისი თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად იქცეს, სადაც ხალხი უკეთეს გარემოში იცხოვრებს.

როგორც კალაძემ, მერობის კანდიდატად მის ოფიციალურად წარდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე აღნიშნა, მათი ოცნების თბილისი ისეთი იქნება, როგორსაც საკუთარი ხელით შექმნიან.

მისი თქმით, ეს იქნება თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი.

„მოგმართავთ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს – მოდით ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით მოგიწოდებთ ახალგაზრდებს: მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში. მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვა და სხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. აქტიურად ჩაებით ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა. დღემდე ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რისთვისაც დავით ნარმანიას მადლობა მინდა გადავუხადო, მაგრამ საზოგადოება ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი გვინდა. ჩვენ გვაქვს კარგი ბაზისი, კარგი სასტარტო პირობა, რათა გარდამტეხი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ქალაქის სწორი და გააზრებული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და ამ საზოგადოების ნაწილი ვარ მეც ჩემი ოჯახით, რომელიც დღეს ჩემთან ერთად იმყოფება. ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ ყველამ ერთად და შედეგიც გვექნება ერთობლივი. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში „დამაჯერებლად გაიმარჯვებს“
შემდეგი სტატიაივანიშვილი კალაძის წარდგენას არ დაესწრო – ოპოზიცია და ექსპერტები ოლიგარქის ქმედებას განსხვავებულ ახსნას უძებნიან