კახა კალაძე: პარლამენტში ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით

„ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ძალადობას, პოლარიზაციასა და ბულინგს ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მან სამარცხვინო უწოდა გუშინ, პარლამენტში მომხდარ თავდასხმას, რომლის მონაწილეც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო.

„ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მეტი უბედურება იყო ის სტატუსები და განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ეს ადამიანები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. თავიანთი ტელევიზიებით სწორედ ისინი ახალისებენ ქვეყანაში ძალადობას, პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ამგვარ ქმედებებს ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია“ – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებაზეც, რომელმაც აქციის მსვლელობისას, მოქალაქეებს ტრიბუნიდან მიმართა, რომ პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში.

„სამწუხაროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ პროვოკაციული სიტუაცია შექმნან. ჩვენ არაერთი ფაქტის მომსწრენი ვართ, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება. შემდეგ ისინი, ვისაც ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს, აქციიდან იპარებიან. რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. თუმცა, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში და მშვიდობიანად გააკეთონ. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს მიღმა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს, კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოუწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირელიგიათა საბჭო რუსულ კანონზე – დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის!
შემდეგი სტატიაშეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა, შეაჩერეთ განხილვის პროცესი, არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალ სესიაზე, გაიწვიეთ რუსული კანონი ერთხელ და სამუდამოდ – თინა ბოკუჩავა