”ეს პიროვნება ”ნაციონალური მოძრაობის” ენით გვესაუბრება”- კახა კალაძე კონგრესმენ სტივ რასელზე

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის შეფასებით, კონგრესმენი სტივ რასელი ”ნაციონალური მოძრაობის” ენით გვესაუბრება”.
კალაძე ხაზს უსვამს, რომ საქმე გვაქვს სტივ რასელის პირად მოსაზრებებთან და ეს არ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – შეერთებული შტატების პოზიცია.

”ეს პიროვნება ”ნაციონალური მოძრაობის” ენით გვესაუბრება. ეს, რა თქმა უნდა, მისი პირადი მოსაზრებაა, ეს არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიოროის მოსაზრება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთქვას თავისი მოსაზრებები. ეს არის სიცრუეზე და აბსურდზე დაფუძნებული მოსაზრება, რაც ჩვენ ამ ადამიანისგან მოვისმინეთ”, – განაცხადა კალაძემ.

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას ”რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა სტივ რასელმა განაცხადა, რომ რუსეთი დღემდე ყველაფერს აკეთებს პოსტსაბჭოურ სივრცეში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთნაირი მეთოდებით მოქმედებს. რასელის თქმით, მოსკოვის ქმედებების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება, თუმცა მოსკოვი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, პრორუსული ხელისუფლების შექმნის იმედით. კონგრესმენი ამბობს, რომ ამ სქემაში მთავარი მოქმედი პირი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირესა და მოსკოვის ნდობით აღჭურვილ პირს უწოდებს. მისივე აზრით, ივანიშვილი შეეცდება, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით, რის კონტექსტშიც, კონგრესმენი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, კარგად დააკვირდეს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. ამასთან, კონგრესმენი გამოდის კიდევ ერთი მოწოდებით: ის მიმართავს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, ”გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო”.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: კონგრესმენმა რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას
შემდეგი სტატიაპუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება