თამაზ მეჭიაური: კონგრესმენმა რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას

კონგრესმენმა რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას, რასელმა კი არ უნდა მართოს საქართველო, არამედ უნდა მართოს ხალხმა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამერიკელი კონგრესმენის რასელის განცხადებას, რომელიც დასავლეთის ბანკებს მოუწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები დააყადაღოს, ვინაიდან, მისი თქმით, ივანიშვილი იარაღით ვაჭრობს.

„მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ მე არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ რაღაცა დოზით რაღაცას გუნდში ვემიჯნები. აგერ უკვე ქვეყნის გარედანაც დაიწყეს ზეწოლა და შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ევროკავშირის და მასში გაწევრიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მესმის ეს მეტისმეტი ოპტიმიზმი ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ამ ოპტიმიზმს საფუძველი არ გააჩნია და მე მგონია, რომ ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რადგან ამის მზადყოფნა ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ. არ ვიცი რას ნიშნავს ხალხის დაჯერება, რომ ხვალ უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, ზეგ MAP-ზე უკეთესს მოგვცემენ, მერე უფრო უკეთესს და ა.შ. ამასობაში მე ვფიქრობ, რომ იმაზე უფრო შორს ვრჩებით ნატო-სგან ვიდრე აქამდე ვიყავით“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ გაცილებით საფრთხის შემცველია იმის მტკიცება, რომ, ერთი მხრივ, ევროპასთან ვიზალიბერალიზაციაზე გაქვს მოლაპარაკებები და პარალელურად, რუსეთთანაც აწარმოებ მოლაპარაკებებს. მეჭიაურის თქმით, ამავე დროს მეორე ხარისხოვანი არ უნდა იყოს ხალხი, ვინც მაგალითად რუსეთიდან ელოდება გზავნილებს, ვინაიდან, ბოლო მონაცემებით, 1/3 გზავნილი ხალხმა მიიღო რუსეთიდან და გაცილებით ნაკლები ევროკავშირიდან. თამაზ მეჭიაურის თქმით, სწორედ ამ ხალხს ზუსტად ისევე უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება როგორც ამას ევროკავშირთან მიმართებაში აკეთებს.

„მუქარა და თან მოლაპარაკებები, ჩემი აზრით, არ წაადგება საქმეს. ზუსტადაც, მე ვფქირობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და არასწორი პოზიცია გააჩნია“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კითხვაზე, თუ ვისი ზემოქმედების და ვისი ზეწოლის ქვეშ იმყოფება ბიძინა ივანიშვილი და შეიძლება თუ არა ესენი იყვნენ ”რესპუბლიკელები”, თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ არ იცის, თუმცა ზეწოლა ივანიშვილზე ხორციელდება იმ მიმართულებით, რომ მას ეუბნებიან გინდა თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია უფრო კარგიაო.

„ცინიკურია როცა ივანიშვილს ესხმიან თავს, რუსეთის კაციაო. იმის გამო, რომ ვიღაცა რასელმა ვიღაცა არ დააშანტაჟოს, ასე არ უნდა ითქვას. რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას, რაც უნდა დიდი იყოს ეს ქვეყანა. საქართველო უნდა მართოს ხალხმა და იმ ადამიანებმა ვისაც ხალხი აირჩევს. უნდა ვისწავლოთ ჩვენი არჩევანის პატივისცემა. ახლა ამოქმედდა მეხუთე კოლონა, მას არ გააჩნია მხარდაჭერა მოსახლეობაში და სხვადასხვა გზით ცდილობენ პარლამენტში შემოღწევას, ზოგი სხვა რასელს გამოიყვანს და ალაპარაკებს და ზოგი სხვას. ამ საკითხში ბიძინა ივანიშვილისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს“, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი: ფოფხაძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ საარჩევნო სისტემა მორგებულია მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე
შემდეგი სტატია”ეს პიროვნება ”ნაციონალური მოძრაობის” ენით გვესაუბრება”- კახა კალაძე კონგრესმენ სტივ რასელზე