კახა კალაძე: არის საშიშროება იმისა, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ

არის საშიშროება იმისა, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აფხაზურ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც “ენგურჰესის” წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.

კახა კალაძე ადასტურებს, რომ წყალსაცავში წელს წყლის ნაკლებობა იყო და არ არის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში.

“შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული და რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ,” – განაცხადაკახა კალაძემ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, “ენგურჰესის” წყალსაცავში წლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან 15 აპრილამდე დროებითი გათიშვის სისტემა ამუშავდა. კომპანია “ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლების განცხადებით, ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ დონემდე შემცირდა.

როგორც “ენგურჰესის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს, იგი ორ წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს. ხოლო ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას განცხადებით, თუ არ იქნება წყალუხვობა, მაშინ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, მოსამართლეთა შერჩევის კონკრეტულ კრიტერიუმებზე შევჯერდებით”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ნეპოტიზმის ახალ ფაქტებზე საუბრობს