კახა კახიშვილი – ზამთრის კურორტებთან მიმართებაში ბევრი რამ გაუგებარია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტები უნდა გაიხსნას, ვიდრე სეზონი და კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა.

„ზამთრის კურორტებთან მიმართებაში გრადაციის კუთხით ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია, იქნებ, არის სამართლიანი მიზეზები, რომელიც არ ვიცით და გაგვარკვიონ. მაშინ, როდესაც ყაზბეგში მუშაობს სასტუმრო და ის არ მიეკუთვნება სათხილამურო კურორტს, მუშაობს ჩვეულებრივ, ამ დროს ბაკურიანის, გოდერძისა და გუდაურის, ასევე მესტია სათხილამურო კურორტებია და ისინი დაკეტილია. ასევე, თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია გაიხსნას ამ კურორტებზე სასტუმროები, მაგრამ არ ამოქმედდება მაგალითად, ტრასები, სად არის ლოგიკა? ადამიანი ამ კურორტებზე ჩადის იმიტომ, რომ ტრასით ისარგებლოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამათან, კახა კახიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ყოველთვის არ არის თოვლი, ახლა კი, სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის ხელსაყრელი დროა.

„ახლა არის თოვლი და ახლა არის მათი დრო. იმ პირობებში, როცა ადამიანებს კრედიტი აქვთ აღებული, ხომ არ შეიძლება, შევუქმნათ პირობები, რომ ერთი მხრივ, მცირედით მაინც ამოისუნთქონ და შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები, მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უკვე წელიწადია, დათრგუნულია, უბრალოდ გარკვეული ხალისი მიეცეს და სპორტული ცხოვრებით მაინც იცხოვროს“, – განაცხადა კახიშვილმა სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი ღარიბაშვილს: შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით და უშვებთ “კახური კლანს”სახლში, რა დააშავეს მათ?
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ალეკო ელისაშვილს პასუხობს