ჯიმ რიში: საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ და დაასრულონ კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს

“მე და სენატორი შაჰინი საქართველოში 2012 წელს ვიმყოფებოდით. უნდა გითხრათ, რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და ნამდვილად მეგონა, რომ ქვეყანაში შემაშფოთებელი მოვლენები იწყებოდა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსულიყავით ორივე ბანაკში, არჩევნების შემდეგ დილას, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული ძალის ბანაკში. შევხვდით პარტიის ლიდერებს, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს. მე პირადად ცხოვრების განმავლობაში 36 არჩევნებს დავესწარი და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, ამ ბანაკებში სტუმრობისას ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც ამერიკის არჩევნებზეა. გამარჯვებული გამარჯვებულად გრძნობდა თავს, ხოლო დამარცხებული წაგებულად. ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა მათთან, ისინი ამ დროს მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ დილით, მაგრამ შემდეგ ოპტიმისტურად განვეწყე, რადგან ორივე მხარე დათანხმდა შეხვედრას, როგორც ჩვენ მოვუწოდეთ. ასე რომ, თავს კარგად ვგრძნობდით, რომ ეს მოხდა. შემდეგ, როდესაც დრო გავიდა და ჩვენ ოდნავ იმედგაცრულებულები ვიყავით, რადგან სულ უფრო მეტი პოლიტიკური სამართლებრივი დევნა იყო. ჩვენ ისევ გამოვდიოდით მოწოდებებით, რომ ეს არ იყო გზა წინსვლისკენ. ამას დაემატა, რომ ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ქვეყანა დაზარალდა დემოკრატიული უკუსვლით. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო უკეთესს იმსახურებს. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, თავი დააღწიოს საბჭოთა კავშირის წარსულს. ახლა რაც ხდება, ზრდის ოლიგარქის ზეგავლენას მართლმსაჯულებაზე, მედიაზე და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დღეს საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე, რომელიც წარმოადგენს რამდენიმეწლიანი დაძაბულობის ზრდისა და ჩავარდნილი რეფორმების კომბინაციას, პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ მათი ვალდებულება ქვეყნის წინაშე და გადალახონ უთანხმოება“, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

მან არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და დიალოგი გაიხსენა.

„ახლა გავიხსენებ ისტორიას, როდესაც პირველად შევხვდვით სააკაშვილს, როდესაც მან წააგო და ის ამტკიცებდა, რომ არ დაეხმარებოდა ძალაუფლების გადაცემას. მაშინ ვკითხე სააკაშვილს, თუ გაგიგია რამე ჯორჯ ვაშინგტონის შესახებ-მეთქი. მან მიპასუხა – „დიახ, გამიგია“. ყველამ იცის, ვინ იყო ჯორჯ ვაშინგტონი. მე ვუთხარი, რომ ვაშინგტონი იყო ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ვუთხარი სააკაშვილს, რომ „ამ დღიდან 200 წლის შემდეგ, თუ ეს არჩევნები ჩაითვლება პირველ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად და ყველა ბავშვი საქართველოში წაიკითხავს შენს შესახებ, შენ იქნები პირველი პრეზიდენტი, რომელმაც გაიარა ეს არჩევნები. როგორ გინდა, რომ დაგიმახსოვრონ, როგორიც ჯორჯ ვაშინგტონი, თუ როგორც წარუმატებელი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ქვეყანაზე?“ ის ყურადღებით მისმენდა და არ მიპასუხა“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

ამასთან, რესპუბლიკელმა სენატორმა საქართველოში აშშ-ის ელჩის ჩართულობით ფასილიტაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქვე, საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს კრიზისის დასრულებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ამ კრიზისიდან გამოყვანაზე. ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს საქართველოსა და ქართველ ხალხს და კარს უხსნის რუსეთს. ვიცი, რომ ჩვენი ელჩი თბილისში კელი დეგნანი და საელჩოს თანამშრომლები დაუღალავად მუშაობდნენ ორ პარტიას შორის შეთანხმების ფასილიტაციისთვის. ვაფასებ მათ ძალისხმევას. თუმცა, როგორც ვხვდები, იყო ოდნავი უკუსვლა. მოვუწოდებ მათ გაგრძელებისკენ. ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გულწრფელად ჩაებან მოლაპარაკებების პროცესში და სცადონ კრიზისის დაძლევა. საქართველოსთვის ახლა კრიტიკული მომენტია. თუ ის ვერ შეძლებს დემოკრატიის ამუშავებას ახლა, მაშინ არ ვიცი როდის შეძლება ამას. საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ და დაასრულონ კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

banner
წინა სტატიაშისენატორი მერფი: ბევრი მსგავსებაა იმაში, რაც მოხდა საქართველოში და რაც მოხდა უკრაინაში
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია მიზანშეწონილად მიიჩნევს აფხაზეთის საკითხებზე დროებითი საპარლამენტო კომისიის მოწვევას