ჯენ ფსაკი – თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთი მიმდინარე წლის „დიდი ოცეულის“ სამიტზე არ უნდა დაუშვან

თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთი მიმდინარე წლის „დიდი ოცეულის“ სამიტზე არ უნდა დაუშვან. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ ფსაკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება თეთრ სახლში მას შემდეგ გაკეთდა, რაც პარასკევს ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების მიწვევა მიიღო. „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ სამიტამდე ჯერ კიდევ ექვსი თვეა დარჩენილი. მან არ დააკონკრეტა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, თუმცა განაცხადა, რომ პოზიცია არის მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სამიტზე არ უნდა იყოს.

„პრეზიდენტმა საჯაროდ გამოხატა თავისი წინააღმდეგობა დიდი ოცეულის სამიტზე პრეზიდენტ პუტინის დასწრებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ფსაკიმ.

ჯენ ფსაკის თქმით, თეთრ სახლში ესმით, რომ ინდონეზიამ ვლადიმირ პუტინი ღონისძიებაზე უკრაინაში ინტერვენციის დაწყებამდე მიიწვია.

ამასთან, როგორც „სიენენი“ იტყობინება, გუშინდელ გამოსვლაში სამიტის მასპინძელმა ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ „ინდონეზიას „დიდი ოცეულის“ გაერთიანება სურს“.

„არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა მსოფლიოს ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღებია“, – განაცხადა ინდონეზიის ლიდერმა.

ინდონეზიამ „დიდი ოცეულის“ სამიტზე სტუმრის სტატუსით უკრაინაც მიიწვია, რასაც ჯენ ფსაკის თქმით, აშშ მიესალმება.

ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ნიშნები არ არსებობს, რომ რუსეთს სერიოზულ დიპლომატიაში ჩართვა სურს.

„სამიტამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ გვინახავს ამ დროისთვის რამე ნიშანი, რომ რუსეთი გეგმავდეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ჩვენი იმედია, რომ ეს შეიცვლება, რადგან აშკარაა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები და საუბრები ამ კონფლიქტის დასრულების გზაა და პრეზიდენტ პუტინს შეუძლია, დაასრულოს ეს ხვალვე, შეუძლია, დაასრულოს ეს ახლავე“, – განაცხადა ფსაკიმ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი ომის დაწყებაზე – პირველი დღეები ყველასთვის მძიმე იყო, მგონი ყველანი მეტ-ნაკლებად ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით
შემდეგი სტატიაბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაიცვალა არც ერთი პაციენტი – გამოვლინდა 153 ახალი შემთხვევა