ჯემალ გამახარიას კომენტარი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე

news
ავტ.: news ივნისი 23, 2020 14:09

ჯემალ გამახარიას კომენტარი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში 22 ივნისს მიღებულ რეზოლუციას სახელწოდებით „თანამშრომლობა საქართველოსთან“ ეხმიანება. მისი განცხადებით, მსგავსი სახელწოდებით რეზოლუციები 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება ჟენევაში, რაც ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ სერიოზულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
ჯემალ გამახარია გამოყოფს გუშინდელ რეზოლუციას, რომელსაც კიდევ უფრო პრინციპულს და ყოვლისმომცველს უწოდებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მიაჩნია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრ რეზოლუციებშიც მაინც არ არის სათანადოდ ასახული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული კატასტროფული სიტუაცია, რომლის მსგავსი, მისი თქმით, „არსად დედამიწაზე არ ხდება და არც წარსულში ახსოვს მრავლისმნახველ კაცობრიობას“.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მომდევნო სესიებზე, ასევე ევროსაბჭოს რეზოლუციებში – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომლებიც წელიწადში ორჯერ მიიღება, უფრო მკაფიოდ იქნება წარმოჩენილი ოკუპანტების ველური სახე, მათი მხრიდან ადამიანის უფლებების შუასაუკუნეობრივი მეთოდებით დარღვევის ამაზრზენი ფაქტები.

news
ავტ.: news ივნისი 23, 2020 14:09