ჯანდაცვის უწყება საყოველთაო დაზღვევაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონის ის ნორმა, რომელიც კერძო დაზღვეულებს დაზღვევის შეწყვეტის შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულფასოვნად სარგებლობას უზღუდავდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, თუ ამ საკითხზე მთავრობა განკარგულებას გამოსცემს, შესაბამისი ფინანსური რესურსებიც უნდა მოინახოს, რაც საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლეთა სავარაუდოდ გაზრდილ რაოდენობას მოხმარდება.

“2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იქმნებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდო ზღვარი კერძო დაზღვეულებსა და სახელმწიფო პროგრამას შორის. მთავარი ამოცანა იყო ის, რომ მთელი მოსახლება უზრუნველყოფილი ყოფილიყო სამედიცინო სერვისებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაბამისი რესურსით იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა როინ გავაშელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად მიიჩნია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს უზღუდავდა აღნიშნული პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას.

banner
წინა სტატიაშიანდრეას გლოდე უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ჯგუფი გაიხსნა