ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია იტალიის ელჩისგან მიიღო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. მან იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ინფორმაცია პირადად ელჩისგან მიიღო.

მინისტრისა და ელჩის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ამჟამად იმყოფება იტალიაში, კორონავირუსი დაუდგინდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა იტალიის ელჩთან, სადაც მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქართველი პაციენტი მკურნალობას გადის რომის ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციურ საავადმყოფოში. ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან, საიდანაც მივიღებთ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაზე დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილება აქვს.

ენრიკო ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის.

„ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი პოზიტიური იყო ტესტზე. სტუდენტი გოგონა რომის პალანცონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც არაერთი კორონავირუსით დაავადებული ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რა თქმა უნდა, ამ ამბის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დარწმუნებული ვართ, ქართველი სტუდენტი მალე გამოჯანმრთელდება და ვენდობით ჩვენი მედპერსონალის გამოცდილებას”, – აღნიშნა იტალიის ელჩმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზე არიან, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

banner
წინა სტატიაშიკახეთის გზატკეცილზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება გვექნება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის