ივანიშვილი კობახიძეს ღარიბაშვილის ხელით მოიშორებს? – „ოცნების“ შიდა ომი და კულუარები

„ქართულ ოცნებას“, როგორც იტყვიან, დედა აღარ ჰყავს – ადამიანები, რომლებიც ახლო წარსულში გვარწმუნებდნენ, რომ ოცნებები ახდებოდა და უმაგრეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით, დღეს საწინააღმდეგოს აცხადებენ და ამბობენ, რომ „ოცნება“ თანდათან „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება. ის, რომ ეკა ბესელია, ადრე თუ გვიან, ივანიშვილს გაემიჯნებოდა, მოსალოდნელი და ადვილი საპროგნოზო იყო, მაგრამ ის, რომ „მამა-მარჩენალის“ წინააღმდეგ ხმას პოეტი დავით მაღრაძე აიმაღლებდა, იგივე ივანიშვილისთვის, ალბათ, ჩვეულებრივი კოშმარია, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მაღრაძის ოპოზიციაში გადასვლა მილიარდერთან შეთანხმებით მოხდა, თუმცა მოდით, მივყვეთ მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად.

დავით მაღრაძის მიმართ სიმპათია ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გამოხატა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საყვარელი პოეტები გალაქტიონი და მაღრაძე არიან. მილიარდერთან მეგობრობით და ახლო ურთიერთობით პოეტიც თავს ყოველთვის იწონებდა. იგივე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაღრაძე სათავეში ჩუდგა მოძრაობას, რომელიც ქალაქ-ქალაქ-ქალაქ, რაიონ-რაიონ, სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხს მოუწოდებდა, რომ ხმა „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცა, თორემ გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაში, მიშა საქართველოში დაბრუნდება და ყველას დაგვაპატიმრებსო.

ვერ ვიტყვით, რომ მშიერმა ხალხმა მაღრაძეს დაუჯერა და ზურაბიშვილს ხმა ამიტომ მისცა – აქ გადაწმყვეტი როლი დაშინებამ და მოსყიდვამ უფრო ითამაშა, მაგრამ მაღრაძის მაშინდელი აქტიურობა იმის ხაზგასმა იყო, რომ ივანიშვილს სურვილებს უსიტყვოდ ასრულებდა. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკან არაფერზე იხევდა, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილს გაემარჯვა.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი თვე გავიდა. ადამიანები პოლიტიკურ შეხედულებებს ასე მცირე დროში არ იცვლიან ხოლმე. შესაბამისად, ძნელი დასაჯერებელია, რომ მაღრაძეს „ოცნება“ აღარ მოსწონს. ახლა, შეიძლება, ზოგმა თქვას, „ოცნება“ არ მოსწონს, თორემ ივანიშვილთან პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ ხომ გახსოვთ კომუნისტების დროს რომ არსებობდა ფრთიანი გამოთქმა, ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ კომპარტიიას, ან ვამბობთ კომპარტიას და ვგულისხმობთ ლენინსო? ჰოდა, ახლაც ასეა – „ოცნების“ პოლიტიკური ფასი ივანიშვილის გარეშე ნოლის ტოლია, ანუ ვამბობთ „ოცნებას“ და ვგულისხმობთ ივანიშვილს და პირიქით. ამიტომ, მაღრაძე თუ თავის განცხადებებში გულწრფელია, მაშინ გამოდის, რომ ის „ოცნებას“ კი არა, უშუალოდ ივანიშვილს ემიჯნება, რაც ძალიან ძნელი დასაჯერებელია.

ასევე, დაუჯერებლად ჟღერს ისიც, რომ ეკა ბესელია ივანიშვილს დაუპირისპირდა. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ კულუარებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ ყველაფერი ის, რაც ბოლო დროს „ოცნებაში“ ხდება, ივანიშვილისგან არის ნებადართული. ამ აზრის სასარგებლოდ ისიც მოქმედებს, რომ ირაკლი ღარიბშვილი „ოცნებაში“ დაბრუნდა, რაც ცხადია, ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა.

„ღარიბაშვილის დაბრუნების მთავარი მიზანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ივანიშვილი კობახიძის კლანის, ანუ ე.წ. ახალგაზრდების თავნებობით დაიღალა და მათი მოშორება აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ამას პირადად ვერ გააკეთებს. არც ის გამოვა, რომ კობახიძეს უთხრას, შენი დრო დამთავრდა და გრძელვადიან შვებულებაში უნდა წახვიდეო. ამიტომ, საჭირო იყო რაღაც ისეთის მოფიქრება. ეს „რაღაც ისეთი“ კი „ოცნების“ შიგნით დაწყებული არეულობაა, რომელიც საბოლოო ჯამში კობახიძეს დაბრუნდება და ამის სიგნალებს იძლევა ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნება.

ზოგადად, ღარიბაშვილი და კობახიძე სხვადასხვა ტიპაჟები არიან და მათი ერთი გუნდის წევრობა წარმოუდგენელია. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ იგივე ღარიბაშვილის მიმართ სიმპათიები მაღრაძეს უნდა ჰქონდეს. მართალია, საჯარო განცხადებებით ღარიბაშვილმა ბესელიას კი არა, კობახიზის მხარი დაიჭირა, მაგრამ როგორც ვიცი, ბესელია იქნება მაღრაძის სახალხო მოძრაობის აქტივისტი, ანუ თუ მაღრაძეს პრობლემები არ აქვს ღარიბაშვილთან, ესე იგი, მასთან პრობლემები არც ბესელიას ექნება, ანუ გამოდის, რომ კობახიძის ჩაძირვის ოპერაციას სათავეში მაღრაძე ჩაუყენა ივანიშვილმა.

კობახიძესთან ერთად პოზიციები შესაძლებელია, შეერყეს კახა კალაძესაც, რადგან „ოცნებაში“ ყველამ იცის, რომ ეს ორი ახალგაზრდა კაცი ერთმანეთს ამაგრებს. ამ ჯგუფის წევრად ითვლებოდა თამარ ჩუგოშვილიც, თუმცა ბოლოს, ჩუგოშვილი მაინც დამოუკიდებელ მოთამშედ გამოიკვეთა და ისიც კი ითქვა, რომ კობახიძის შემცვლელად ივანიშვილი ზუსტად ჩუგოშვილს ამზადებს,“ – უყვებ „თაიმერს“ წყარო „ქართული ოცნებიდან“.

ის, რომ კობახიძის კლანი ჩრდილში გადავა, იქიდანაც გამოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ღარიბაშვკლი ე.წ. ძველ გვარდიას შეხვდა. ამ გვარდიაში კი არიან დავით ლორთქიფანიძე და სხვები. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, ანუ ეს შესაძლოა ერთგვარი მესიჯი იყო, რომელიც „ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა გაუგზავნა კობახიძეს, რომ გვერდზე უნდა ჩაიჩოჩოს, მაგრამ როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მისი გარემოცვა, რომელსაც სასამართლო სისტემის სადავეები აქვს აღებული, უკანა პლანზე გადასვლას არ აპირებს და შესაბამისად, „ოცნებაში“ დაწყებული შიდა ომი ახალ ფაზაში გადავა.

 

 

banner
წინა სტატიაშიევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის განცხადების ტექსტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ