ივანე ჩხაიძე – არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მე-4

საქართველოს 2 გზა აქვს, ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები და 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უნივერსალური ვაქცინაცია დავუშვათ, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის რეკომენდაციით, საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკ ჯგუფებში უნდა დაიწყოს.

„საქართველოს 2 გზა აქვს, ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა და აშშ – უნივერსალური ვაქცინაცია დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ჯგუფებში დავიწყოთ. ესენი ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან და ამ პაციენტების რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა.

აქვე მინდა დავამატო, რომ აშშ სავარაუდოდ, ნოემბრისთვის მიიღებს ვაქცინაციას 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ჩვენ ცოტათი ჩამოვრჩებით ამ ტემპს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები კორონავირუსის ძირითად სამიზნეს არ წარმოადგენენ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, ჩხაიძემ ორსულებთან მიმართებით კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხმძიმეებს, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.

„ორსულები პრიორიტეტული ჯგუფია და მათში როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს. არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – გიორგი გახარიამ კახა კალაძის გამოწვევა წააგო
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი არის წინსვლის, ქვეყნისა და ხალხის დამშვიდების, სტაბილურობის და განვითარების საწყისი