იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოთარ სიჭინავას, მიხეილ ჩინჩალაძეს, შორენა ყაველაშვილსა და გიორგი ჩემიას მოსამართლეებად ხელახლა გამწესებაზე დღეს იმსჯელეს.

39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი. დასახელებულ პირებს მოსამართლეობის ვადა ამოწურული აქვთ და ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, ისინი აღნიშნულ თანამდებობაზე დროებით – სამწლიანი პერიოდით გამწესდებიან.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი უარს აცხადებს. ის ითხოვდა, კენჭისყრა პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩატარებულიყო.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კრიტიკას უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ უპასუხა.

გოცირიძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ გასაუბრების პროცესი 98%-იანი გამჭვირვალობით იმართება.

„ისინი არიან კანდიდატები და საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ვნახოთ. ყველა კანდიდატის შესახებ ყველას აქვს თავისი პოზიცია, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს. ვნახოთ, საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბათ 98%-ში, ეს გასაუბრებები მიმდინარეობს ღიად, მაგრამ ზოგიერთს ეტყობა, ეს დისკომფორტს უქმნის“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას ვენეციის კომისიას ანა დოლიძე და ლევან ბოძაშვილი გააცნობენ
შემდეგი სტატიაბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება