იუსტიციის სამინისტრო მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანოს

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანოს.

რატი ბრეგაძემ ეს განცხადება სუს-ის მიერ სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების კომენტირებისას გააკეთა.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში.

რატი ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დეზინფორმაციის გავრცელებით და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მანიპულირებით ცდილობს ქვეყანაში არეულობის შემოტანას. ამის მაგალითად იუსტიციის მინისტრმა №17 დაწესებულებაში გაჩენილი ხანძარი მოიყვანა.

„როდესაც №17 დაწესებულებაში გაჩნდა ხანძარი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას დაემთხვა, მაშინაც ავტომატურად დაიწყეს განცხადებების კეთება, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი, გამოკეტილი ჰყავდათ პატიმრებს დაცვა და ჩვენ ამ ბუნტს ვახშობდით. ეს იყო მორალური დაცემის კლასიკური მაგალითი. დავინახეთ, თუ სადამდე შეიძლება დაეშვას პოლიტიკური ჟინით და ძალაუფლების უკან დაბრუნების სურვილით დაბრმავებული პოლიტიკოსი. ჩვენი პასუხი ყოველთვის არის სიმშვიდე და სიმართლის თქმა. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და ბევრად უკეთ იქნება კიდევ ხვალ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიუსაფრთხოების სამსახური – სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანის მოწოდება არჩევნების დღესთან დაკავშირებით ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს