იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე და მესამე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება ორი მუხლი:

· 4210 მუხლის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით.

აღნიშნულ მუხლს თან ერთვის შენიშვნა, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში შსს-ს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, აღნიშნული ქმედება უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.

· 17715მუხლის (საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა) მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს აგრეთვე 4210 მუხლის შენიშვნის ნორმები.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 2 მაისიდან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.​

banner
წინა სტატიაშიტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი: „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი დღეს შემოიტანა და თანხმობა რამდენიმე წუთში მიიღო
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: საგანგებო ან საომარი მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება