ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი: „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი დღეს შემოიტანა და თანხმობა რამდენიმე წუთში მიიღო

კომპანია „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს, 16:09 საათზე შემოიტანა და თანხმობა 16:34 საათზე მიიღო, – აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი აქვეყნებს.

ვიქტორ წილოსანი შპს „ზოომარტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს, მერიამ მიკროავტობუსით თანამშრომლების გადაადგილების ნებართვის მიღების შესახებ კომპანიის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, სიცრუეს უწოდებს.

მისი განმარტებით, კომპანიამ მერიას ორჯერ, 21-22 აპრილს მიმართა და იმავე დღეს მიიღო პასუხი, რომ წერილში მითითებული მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებაზე მერია ნებართვას არ გასცემს.

„სამწუხაროდ, ზოომაღაზიების ერთ-ერთმა ქსელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერიამ დააყოვნა, ან შეზღუდა მათი ქსელის თანამშრომლების გადაადგილება, რის გამოც მოუწევთ მაღაზიების დაკეტვა 26 აპრილიდან (თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეზღუდვა 27 აპრილამდე მოქმედებს). სინამდვილეში, შპს „ზოომარტის“ ელექტრონული ფოსტიდან (maka@zoomart.ge) მერიის შესაბამის მეილზე (transport.@tbilisi.gov.ge) წერილი გადმოიგზავნა 21 აპრილს, 22:05 საათზე, რაც კანცელარიამ დაარეგისტრირა 10/01201121711-16 ნომრით. იმავე ღამით, 22:12 საათზე, აღნიშნულ წერილზე სსიპ – ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ უარით უპასუხა (16-012011333 წერილით), ვინაიდან, მოთხოვნა არ იყო ავტობუსით ან მიკროავტობუსით მგზავრის გადაყვანაზე.

ზემოაღნიშნულის შემდეგ, კვლავ მივიღეთ წერილი 22 აპრილს, შვიდ სატრანსპორტო საშუალებაზე თანამშრომლების გადაყვანის უფლებასთან დაკავშირებით. სააგენტოს თანამშრომელმა სცადა, ელექტრონულ ფოსტაზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხეს. აღნიშნული ზარით განმცხადებლისთვის უნდა განგვემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი შვიდი სატრანსპორტო საშუალებიდან, ერთი სატრანსპორტო საშუალება მითითებული სახელმწიფო ნომრით არ იძებნებოდა, ხოლო ხუთი სატრანსპორტო საშუალება სედანის ტიპის ავტომობილს წარმოადგენდა, რაზეც სააგენტოს უფლებამოსილება არ ჰქონდა, მოძრაობის ნებართვა გაეცა“, – აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.

ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, ხმაურიანი განცხადების შემდეგ, „ზოომარტმა“ M2 კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვაზე განაცხადი თბილისის მერიაში დღეს შემოიტანა და თანხმობაც რამდენიმე წუთში მიიღო.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ფილტვების ანთება არ ემართებათ თქვენს ირგვლივ?!
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა