ისევე გრძელდება ადგილობრივი არჩევნები, როგორიც საპრეზიდენტო იყო – ვაშაძე

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციისა და “ევროპული საქართველოს” წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი დაესწრო.

გიორგი ვაშაძის თქმით, ისევე გრძელდება ადგილობრივი არჩევნები, როგორიც საპრეზიდენტო იყო – იმავე თავდასხმებით, კრიმინალით, უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და გაყალბებით.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ფაქტებით ვაჩვენეთ, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება ეუთოს, ოდირის 17 მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაციიდან არც ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს და ისევე გრძელდება ეს ადგილობრივი არჩევნები, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნები – იმავე თავდასხმებით, იმავე კრიმინალით, იმავე უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და იმავე გაყალბებით. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ახალი არაფერი მოუსმენიათ, რადგან პროფესიონალები არიან, დიდი ხანია, საქართველოში არიან. სხვათა შორის ის, რომ ეუთოს დასკვნა და ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები ასეთი მკაცრი იყო, მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ ადგილობრივი საელჩოებიდან ძალიან სწორი, ობიექტური, დაბალანსებული და ფაქტებით სავსე ინფორმაცია მიდის. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ან უნდა შევწყვიტოთ ასეთი არჩევნების ჩატარება, ან ვერც შიდა და ვერც გარე პოლიტიკურ მიზნებს ვერ მივაღწევთ ვერასდროს”, -აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად არჩევნებამდე 5 დღით ადრე სიების საუბნო კომისიისთვის გადაცემა იმას მოწმობს, რომ ხელისუფლების დრო იწურება.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების საათზე უკვე 12-ს უკლია ერთი წუთი და ეს თვითონაც იციან. ამომრჩეველი ხედავს, რომ ოპოზიციას პროგრამა აქვს და საქმეზე ლაპარაკობს, ესენი კიდევ ჩარჩენილები არიან 2013 წლის იანვარში და კიდევ იმავე მესიჯებითა და ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ წარსულზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უკვე აბსოლუტურად აღარ აინტერესებს. საქართველოს მოქალაქეს დღეს აქვს უიმედობა, ცარიელი მაცივარი და ჯიბეში ცარიელი საფულე. აღარ უნდათ მათ ეს გაუთავებელო საუბარი რეფორმების მესამე და მეოთხე ტალღაზე, რაღაც ბოდვა, როდესაც ცხოვრების დონე ყოველდღიურად უარესდება და დემოკრატიის დონე მიდის იქით, სადაც არავის გვინდა, აღმოვჩნდეთ – რუსეთის ფედერაციის მსგავსად. ახალი რა ხდება? „რუსთავი 2“-ისა და სხვა ტელევიზიების არქივები გატენილია იმ ქალბატონების სახეებით, რომლებიც საარჩევნო სიებით დარბოდნენ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს და იდგნენ საარჩევნო უბნების წინ. გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს მხარს „ოდირის“ დასკვნებს და თუ ხელისუფლება ოდესმე მოეგება გონს და ჩვენსკენ გადმოდგამს ნაბიჯს, მზად ვართ, საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ, ეს ყველას ინტერესშია”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისაზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყება
შემდეგი სტატია„უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ: ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი თუ საქართველოსთან მეგობრობა“ – ნათელაშვილი