,,ის, რომ სერგო მეთოფიშვილი სამწლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფება, დაბრკოლებას არ ქმნის”

ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული წევრი სერგო მეთოფიშვილი მოსამართლის სამწლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფება არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის მის საბჭოს წევრობაში , – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სერგო მეთოფიშვილს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აქვს იმ მიზნით, რომ იგი ბოლნისიდან თბილისში გადმოვიდა.
“ეს არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ინტერესთა კონფლიქტს გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნაში ვერ ხედავს ვერც საბჭოს წევრი შოთა გეწაძე. როგორც მან აღნიშნა, სამწლიანი ვადის ამოწურვისას სერგო მეთოფიშვილის საქმიანობას საბჭოს სხვა მოსამართლე წევრები გადახედავენ და თავად არ მოუწევთ საკუთარი საქმიანობის გადახედვა.

“იმედს ვიტოვებ, რომ ყველა წევრი მის მიმართ იქნება ობიექტური. ამ გადმოსახედზე სრული ობიექტურობის მოლოდინი მაქვს”, – განაცხადა შოთა გეწაძემ და მან სერგო მეთოფიშვილს მიულოცა საბჭოს წევრად არჩევა.

მისი განცხადებით, მეთოფიშვილი არის გამოცდილი იურისტი, მრავალი წელი მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში და ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა მოსამართლედ.

სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეთა რიგგარეშე მეჩვიდმეტე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად აირჩიეს. 226 რეგისტრირებული წევრიდან 218-მა ხმა მისცა, 13 ბიულეტინი კი გაბათილდა. სერგო მეთოფიშვილი ერთადერთი კანდიდატურა იყო, რომელიც საბჭოს წევრად ზაზა მეიშვილის შემცვლელად დასახელდა. რაც შეეხება ზაზა მეიშვილს, მას მოსამართლეობის ათწლიანი ვადა მარტის ბოლოს ეწურება და კონფერენციამ ამის საფუძველზე საბჭოს ახალი წევრის არჩევნები ჩაატარა.

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/367230-nino-gvenetadze-is-rom-sergo-methofishvili-samtslian-gamosacdel-vadashi-imyofeba-dabrkolebas-ar-qmnis.html

banner
წინა სტატიაში“წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდება მინიმუმ ღიმილს მგვრის”
შემდეგი სტატიაარაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია