“წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდება მინიმუმ ღიმილს მგვრის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ღიმილის მომგვრელია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდება, რომ მთავრობამ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია სასწრაფოდ მოახდინოს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“რაც შეეხება წინადადებებს, რომლებიც ოპოზიციიდან მოდის, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, უკვე ვაუქმებთ მოგების გადასახადს, მთავრობამ დაამტკიცა ეს და გადაგზავნილი გვაქვს პარლამენტში, ვმუშაობთ ასევე საბიუჯეტო ცვლილებებზე. მოგეხსენებათ, ასეთ რეფორმებს აქვთ გადასვლის ღირებულება და ამ გადასვლის ღირებულების დაფარვა ხდება საბიუჯეტო სახსრების შეკვეცით. ამას ახლავს ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ა.შ. ფაქტიურად, სახტად არის ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩენილი, რადგან მოგვიწოდებდნენ, რომ სასწრაფოდ გაგვეკეთებინა რაღაცეები და ჩვენ ვაკეთებთ, თუმცა ეს ალბათ კარგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ წინა მმართველობის პერიოდში, ადამიანების უმრავლესობა სწორედ ეკონომიკური დანაშაულის გამო გასამართლდა,

“9 წლიან პერიოდს შეგნებულად არასოდეს ვახსენებ. საერთოდ გვარების ხსენებაც არ მინდა, მაგრამ როცა 300 ათასი ადამიანი გასამართლდა ქვეყანაში წინა მმართველობის პერიოდში და როცა ამ ადამიანების 80% და მეტი გასამართლდა სწორედ ეკონომიკური დანაშაულის გამო, ახლა კი ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ სასწრაფოდ, ეს მინიმუმ ღიმილს მგვრის ხოლმე, მაგრამ კარგია, რომ მოგვიწოდებენ და ჩვენ ამას ვაკეთებთ. საერთოდ დიალოგი კარგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი 15 მარტს დასრულდება
შემდეგი სტატია,,ის, რომ სერგო მეთოფიშვილი სამწლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფება, დაბრკოლებას არ ქმნის”