ის, რომ კეზერაშვილის მიმართ გადაწყვეტილება ჟურნალისტიკის დღეს მიიღეს, ნათლად ასახავს და გამოხატავს „ქართული ოცნების“ რეალურ პოლიტიკურ სახეს – ცისკარიშვილი

ის, რომ გადაწყვეტილება ჟურნალისტიკის დღეს მიიღეს, ძალიან ნათლად ასახავს და გამოხატავს „ქართული ოცნების“ რეალურ პოლიტიკურ სახეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მედიის გაჩუმებას.

„ამ ხელისუფლებას სურს ჩაახშოს, მოგუდოს თავისუფალი მედია და კიდევ ერთხელ გამოაჩინეს, რომ მართლმსაჯულება სწორედ ამ საქმეს ემსახურება“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მისივე განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობდა აღძრული საქმეებით მოეხდინა დავით კეზერაშვილის ექსტრადირება, არა თუ მოსამართლემ, არამედ თვითონ პროკურორმა თქვა უარი საქმის გაგრძელებაზე.

„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეეცადა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებით მისი ექსტრადირება მოეხდინათ. სადაც მართლა დამოუკიდებელია სასამართლო და პროკურატურა, თვითონ პროკურორმა თქვა უარი საქმის გაგრძელებაზე და წარმართვაზე, არა თუ მოსამართლემ რამე გადაწყვიტა, დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ, არამედ პროკურორმა გაიწვია თავიდან ეს საქმე, რადგან საფუძველი არ არსებობდა და დაინახა ამ პროკურორმა საფრანგეთში, თუ რამდენად პოლიტიზებული იყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომელიც ამ ქალბატონმა მიიღო საქართველოდან”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს – ბჟანია
შემდეგი სტატიაპატარა სოფელი, რომელიც გახდა დიდი ვაჟკაცობის ადგილი – ზელენსკი