ირმა ნადირაშვილი – მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი

ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი, -ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტში შესულ კანონპროექტს, რომლიც მიხედვითაც, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილს სურს, გარეთაც პოლიტიკური ვითარება იყოს ერთპარტიული, ისევე როგორც პარლამენტში. მისი თქმით, ოპოზიციის რეაქცია იქნება ცალსახა, ნათელი და ისინი არ შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ერთპარტიულ სტილში გაგრძელება.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და დემოკრატია. როდესაც ამ ნაბიჯით იმუქრები, ეს ნიშნავს, რომ გინდა ერთპარტიული იყოს გარეთაც პოლიტიკური ვითარება, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტში. რაც შეეხება მცდელობას, რომ გაუუქმოს რეგისტრაცია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი პუტინის რუსეთისაკენ და ლუკაშენკოს ბელორუსისკენ. რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ალბათ ეს იქნება ძალიან ცალსახა და ნათელი, შანტაჟის ენით საუბარი, დაფინანსების შეწყვეტა, მუქარა რეგისტრაციების გაუქმების შესახებ, ვერ შეცვლის ვითარებას, რომ ქვეყანაში არის ერთპარტიული პარლამენტი, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ამ სტილში გაგრძელება“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი უცვლელი იქნება
შემდეგი სტატიაპატრიარქი – ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები და წიგნად გამოვცემთ