დავით ნარმანია – შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი უცვლელი იქნება

შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გადაიხედება და უცვლელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.

„საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები ერთი წლის წინ დავადგინეთ და სახელმწიფოს მონაწილეობით და შეხიდებით დარჩა უცვლელი. შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები არ გადაიხედება, ანუ უცვლელი იქნება.

რაც შეეხება კომერციული გაზის ფასის ზრდას, ეს დაანონსებულია იანვრიდან, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებას ეს არ განეკუთვნება. კომერციული გაზი არის დერეგულირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება კომერციული გაზის ტარიფის დადგენაზე არ ვრცელდება. მეთოდოლოგიის მიხედვით ჩვენ ვადგენთ მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზრდის თუ არა კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფს, ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

ცნობისთვის, თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 46.137 თეთრია. აღნიშნული ტარიფი 2020-2022 წლებში იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშინარმანია – საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად მნიშვნელოვანია, ჯერ ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფი განისაზღვროს
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი – მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი