ირანი – რევოლუცია თუ სამოქალაქო ომი?

 

სიტუაცია, რომელშიც ირანი ბოლო დღეების განმავლობაში  აღმოჩნდა, სულ უფრო და უფრო ემსგავსება  რევოლუციის საწყის ეტაპს და როგორც ჩანს, ეს მოვლენები უსისხლო უკვე ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, არსებობს მოვლენების განვითარების უფრო სახიფათო გზაც – ვიდრე რევოლუციაა… ეს, სირიის სამოქალაქო ომის მსგავსი მოვლენები გახლავთ. 

ხუთიოდე დღის წინ, ირანის ერთ პატარა ქალაქში კვერცხის ფასის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი,  80 მილიონიან ქვეყანას ისე მალე მოედო, რომ  პროცესები უკვე შეუქცევად ხასიათს ღებულობს… ფასების გაძვირებით და სოციალური უკმაყოფილებით დაწყებული პროტესტი, მალევე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლის მოთხოვნით შეიცვალა და ახლა მასიურად ქუჩაში  გამოსული ირანელები, 39 წლის უკან ისლამური რევოლუციის შედეგად დამყარებული წყობილების შეცვლას ითხოვენ.

ირანი უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის სახელმწიფოა, რომელსაც ისტორიულ-კულტურული ფასეულობების გარდა უმდიდრესი ენერგორესურსებიც გააჩნია და როგორც ირანის გაბრაზებული მოსახლეობა მიიჩნევს, ამ ქვეყნის  განვითარებას და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში ყოფნას, ხელი ისლამურმა რევოლუციამ და ამ რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების მიერ აღებულმა საგარეო-პოლიტიკურმა კურსმა შეუშალა ხელი. აშშ-სა და ევროპის მოწინავე ქვეყნებთან დაპირისპირებამ, ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეული სამხედრო დაჯგუფებების დაფინანსებამ, მილიტარისტულმა პოლიტიკამ, რეგიონში ზეგავლენის მოსაპოვებლად გამიზნულმა რუსეთთან პარტნიორულმა ურთიერთობებმა და ატომური იარაღის შექმნისათვის  გადადგმულმა ნაბიჯებმა, ირანის ისლამურ სახელმწიფოს დიდ პრობლემები შეუქმნა, რომელიც მას ეკონომიკურ ბლოკადად და ათეულ წლობით დაწესებულ ემბარგოდ დაუჯდა. ქვეყანა, რომელიც შესაძლებელია თავისი ეკონომიკური პოტენციალით ახლო აღმოსავლეთის ლიდერი ქვეყანა ყოფილიყო, საკუთარი სახელისუფლო სისტემის მიერ წარმოებული სოციალური პოლიტიკისა და ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის წყალობით,  იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ კვერცხის გაძვირებამაც კი, სოციალური აფეთქების საქმეში დეტონატორის როლი შეასრულა და ამ ფონზე განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, უკვე რევოლუციური საფრთხის წინაშე დააყენა.

დიდი ხნის განმავლობაში, ირანის მოსახლეობას მათივე რელიგიური ხელისუფლების ლიდერები არწმუნებდნენ, რომ ისინი, საკუთარი მრწამსისა და ტრადიციების გამო, დასავლეთელი მტრების მუდმივი სამიზნეები იყვნენ და ამიტომ ქვეყნის ძირითადი ქონება თავდაცვისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა საეჭვო სამხედრო დაჯგუფებების დასაფინანსებლად უნდა მიემართათ, რათა გადარჩენილიყვნენ… მაგრამ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ, ინტერნეტმა, სმარტფონების გაჯეტებმა, საერთაშორისო სოციალურმა ქსელებმა, მოსახლეობის ინფორმირებაში დიდი როლი შეასრულეს და ისეთ კონსერვატიულ საზოგადოებაშიც კი, როგორიც ირანში იყო, ხალხმა თანდათანობით ნათლად დაინახა, თუ როგორ აბრიყვებდნენ მათ ყალბი ,,მტრის ხატით,, ქვეყნის ,,სულიერი ლიდერები,, და პარალელურად როგორ მდიდრდებოდნენ  ისინი…  აიათოლას ქონება, როგორც ირკვევა 95 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ირანელებმა დაინახეს, თუ რამდენად დაშორდა მათი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და რამდენად ილახებოდა მათი უფლებები,  ცივილიზებული ქვეყნების მოქალაქებთან შედარებით. ყველაზე მეტად კი, თავიანთი უფლებების დასაცავად ირანელი ქალები გამოვიდნენ, რომლებიც ათეულობით  წლების განმავლობაში, ფაქტიურად მონობაში ჰყავდა ირანის რელიგიურ ხელისუფლებას. დღეს, ყველა საპროტესტო აქციებზე ირანელი ქალები წამყვან როლს თამაშობენ და მასაში მათი კონცენტრაცია უდიდესია. პროტესტის პირველსავე დღეებში, პიედესტალზე შემომდგარი თავშიშველი აქტივისტი ქალის ფოტო, რომელსაც თავისი თავსაბურავი ჯოხზე ჰქონდა წამოცმული, ირანის საპროტესტო ტალღის სიმბოლოდ იქცა მთელს მსოფლიოში. საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა  1 იანვარს ისპაჰანში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ირანელმა აქტივისტმა ქალმა შემდეგი სიტყვებით მიმართა თანამემამულე  მამაკაცებს… ,,39 წლის უკან, თქვენ ხელი აღმართეთ ჩვენს დასაჩაგრად… დღეს ჩვენ, ირანელმა ქალებმა ხელი აღვმართეთ თქვენს დასაცავად… ირანელო მამაკაცებო, გთხოვთ ყველანი შემოგვიერთდით და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები! არა მოლების ხელისუფლებას!,,

მოგეხსენებათ, რომ ირანი მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც სპარსელების გარდა პროვინციებში დიდი რაოდენობით, ეთნიკური ქურთები, აზერბაიჯანელები, ქართველები და აგრეთვე სხვა უფრო მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები  ცხოვრობენ. ყველა ამ ეთნიკურ ჯგუფს, რა თქმა უნდა ქვეყნის გარეთაც ჰყავს თავიანთი გულშემატკივარი და ასე ვთქვათ დამრიგებელი, ამიტომ მათი მოქმედებებიც, მხოლოდ ირანის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება განხილული. კონკრეტულად ქურთები, დიდი ხანია ირანის შიიტური ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას  განიცდიან, რაც სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მათ თანამემამულეებს რა თქმა უნდა აწუხებთ და ზოგადად, ქურთები დიდი ხანია ერთიანი ქურთისტანის ჩამოყალიბებისთვის იბრძვიან. ირანიდან მიღებული ცნობებით, საპროტესტო ტალღის ფარგლებში ძალიან აქტიურობენ ქურთული და აზერბაიჯანული პროვინციები… ეთნიკური ქართველებით დასახლებული პროვინციებიდან კი, საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა და ამის მიზეზებზეც ვერაფერს ვიტყვით. აღსანიშნავია, რომ ირანის ხელისუფლება, ინტერნეტის გათიშვიდან დაწყებული, ყველა ზომას ღებულობს რათა მიმდინარე მოვლენებზე მსოფლიომ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია მიიღოს.

რაც შეეხება ირანში ოპოზიციურად განწყობილ ორგანიზაციებს, აზერბაიჯანელების, სუნიტი ქურთებისა და ბელუჯების გარდა, რომლებიც ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით არიან გაერთიანებულნი, აიათოლას ხელისუფლების წინააღმდეგ, ირანის ოპოზიციის ლიდერებად შეიძლება მოვიაზროთ ,,ირანის წინააღმდეგობის მოძრაობის ნაციონალური საბჭო,, (NCRI), რომელსაც ემიგრაციაში მყოფი გენერალი მასუდ რაჯავი და მისი მეუღლე მარიამ რაჯავი ხელმძღვანელობენ… და ირანის შიიტურ-დემოკრატიული მიმართულების ,,სახალხო მოჯაჰედები,, რომლებიც 1979 წლის რევოლუციის დროს აიათოლას უჭერდნენ მხარს, მაგრამ ცოტა ხანში მათი გზები გაიყო და ერთმანეთის დაუძინებელი მტრები გახდნენ.

5 დღის განმავლობაში საპროტესტო ტალღას უკვე 30-მდე ადამიანი შეეწირა, რაც იმის მომასწავებელია, რომ მსხვერპლი, მოვლენების დასრულებამდე კიდევ გაიზრდება. სამწუხაროდ, რამდენადაც ფართო მასშტაბებს ღებულობს საპროტესტო აქციები ირანში, მით უფრო დაუნდობელი და სასტიკი ხდება ხელისუფლებაც პროტესტანტთა მიმართ. ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანიც და უმღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომეინიც, პროტესტების უკან აშშ-სა და ირანის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების კვალს ხედავენ, თუმცა ამ დრომდე ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები  არ გამოუქვეყნებიათ. რუჰანის განცხადებით, ის მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს სამოქალაქო აქტივისტებთან, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტები არ არიან. რაც შეეხება თავად აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობას, ისინი ირანის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ და მანიფესტანტთა უფლებების დაცვისკენ მკაცრად  მოუწოდებენ. რუსეთის საგარეო უწყება კი – მოითხოვს, რომ მათი პარტნიორი ირანის კონფლიქტში გარედან ჩარევა არ მოხდეს.

ირანელთა პროტესტის ჩახშობის საქმეში მთავარი როლი უჭირავს ,,ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსს,, ოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებას, რომელიც სასტიკად უსწორდება მანიფესტანტებს და რომელიც ირანის სულიერი ლიდერის რამდენიმე მილიონ ფანატიკოს მხარდამჭერთა ძირითად იმედს წარმოადგენს.  მიუხედავად ამ სამხედრო კორპუსის სისასტიკისა,  ირანის მოვლენებში გადამწყვეტ როლი მაინც რეგულარულმა არმიამ უნდა ითამაშოს, რომლის გარკვეული ნაწილიც, როგორც მიღებული ინფორმაციებიდან ჩანს, უკვე არ მალავს, რომ ხალხის წინააღმდეგ არ წავა.  თუ ირანის არმიამ ერთიანობა შეინარჩუნა და ხალხის მხარეს დადგა, დიდ შანსია, რომ საპროტესტო ტალღა რევოლუციით და ხალხის გამარჯვებით დასრულდეს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ საპროტესტო ტალღის ერთიანი ხელმძღვანელობის არ არსებობის გამო, არმია ,,მესამე ძალის,, როლში გამოვიდეს და ძალაუფლება  ხელში თვითონ აიღოს, რათა თავად მოამზადოს ნიადაგი პოსტ-ჰომეინისტური მმართველობისთვის… მაგრამ, თუ არმიაც ორად გაიყო, ისევე როგორც ეს სირიაში მოხდა, მაშინ ირანში სამოქალაქო ომი გარდაუვალი იქნება. რაც შეეხება პროტესტის მშვიდობიანად დასრულებასა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის საკითხების მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტას, ეს გზა დღევანდელი გადასახედიდან, უკვე რეალობას მოკლებულია.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,, 

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შემდეგი სტატიამანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი – 1484 ამოქმედდა