ირაკლი ზარქუა: მიხეილ სააკაშვილი აპირებს მელია პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაცილოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გუშინდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც არ გამოცხადდნენ.

„ამის შედეგი იყო ის, რომ ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე 15-წუთიანი განცხადება გააკეთა, შემდეგ დაშალა და ძველ თბილისში ასეირნებდა მომხრეებს. ეს არის შედეგი, როცა არასწორი ხარ, არასწორ განცხადებებს აკეთებ და უსამართლო პროტესტის ინიციატორი ხარ. ახლა სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაღა დარჩენიათ. ვწუხვარ, რომ ნიკა მელია ამ დონეზე დაეშვა. მისი მომავალი არის ის, რომ პარტიიდან გარიცხავენ, შეეკედლება 3-პროცენტიან „ლელოს” და მისი ლიდერი გახდება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, მელია პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაცილოს.

„ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილს თავი მოაწონონ. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, მელია პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაცილოს და ეს თავის თავს დააბრალოს. როცა იმხელა ავტორიტეტი არ გაქვს, თამასა ასწიო, საკუთარ თავს უნდა დააბრალო. რამდენი დღეც უნდათ, იარონ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი, გუდიაშვილის მიმართულებით ჩაისეირნონ, ისეთი ლამაზია საღამოს, დაათვალიერონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

წინა სტატიაშიელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაჰარცელი: იუსტიციის საბჭოში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დანიშვნები კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია