ირაკლი სესიაშვილი – ვუსმენთ ექსპერტებს, ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ და ნატო-ს წევრი ქვეყნები

ჩვენ და ნატო ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ეს ენა არის, როგორ გახდეს საქართველო სწორი გზით ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„რამდენადაც ჩვენი მოსახლობის არჩევანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოსახლეობას მინდა, მკაფიოდ განვუმარტო, ჩვენ და ნატო ვსაუბრობთ ერთ ენაზე. ჩვენი საერთო ენა ემყარება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის პოლიტიკას. როცა ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, აქაც ჩვენ გვაქვს ერთი ენა. როდესაც გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტის ფორმატები, აქაც გვაქვს ერთი ენა და ეს ენა არის, როგორ გახდეს საქართველო სწორი გზით ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუსმენთ ექსპერტებს, ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ და ნატო-ს წევრი ქვეყნები და ჩვენ ვართ ერთიანები“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპერტების მოსაზრებები საინტერესოა, მაგრამ მიზანი ერთია – საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, ამ გზაზე კი გადაწყვეტილებები მიიღება შეთანხმებულად და ერთობლივად.

„ზედმეტი ღელვა და ცალკეული ექსპერტების განცხადებების სიღრმისეული გაანალიზება ან ამის მიღება, როგორც ერთადერთი გამოსავალი გზა – ამას არ ვურჩევდი საზოგადოებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა, ყველა საშუალება, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ნატო-ს წევრი. ამის ინტერესი აქვს ნატო-საც, ამის ინტერესი გვაქვს ჩვენც. დანარჩენი უკვე პროცესზეა დამოკიდებული. ჩვენთვის ექსპერტების, მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოსაზრებები მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუმცა როცა ვსაუბრობთ გადაწყვეტილებაზე, ამას იღებს საქართველო წევრ ქვეყნებთან ერთად. ეს არის მუდმივი პროცესი, ეს არის დღესდღეობით ყველაზე ინტენსიური პროცესი და ყველა არსებულ ვარიანტს განვიხილავთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ტერიტორიული მთლიანობით და ყველა იმ სიკეთით რაც აქვს საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი – მამუკა ხაზარაძის წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ვნახე ამ კრიალოსანი ბიჭების შეკრება (video)