ირაკლი სესიაშვილი – მამუკა ხაზარაძის წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა

რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

„რამდენადაც ბატონი მამუკა უკვე შემოვიდა პოლიტიკურ ველში და მე შემიძლია, უკვე ვიყო კრიტიკული და მოვუწოდო კიდეც გარკვეული ნაბიჯებისკენ. მივესალმები, თუ მოახერხებს ახალგაზრდებს ჩართავს პოლიტიკურ პროცესში. მის პარტიას თუ არ გამოადგება, ქვეყანას მაინც გამოადგება. ამას მართლა მივესალმები. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მიზნებს, თუ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანია, ანაკლიის პროექტის რეალიზება მოახდინოს, მირჩევნია გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ 100 მილიონი უკვე დახარჯა, შეასრულა თავისი ვალდებულებები და უმჯობესია, ახლა მანაც შეასრულოს ვალდებულებები. ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მისთვის ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენცია საინტერესოა.

„დღეს მას მოვუსმინე. შეიძლება, ირონიულად გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა. მაგრამ მეორე მხრივ, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, რომ ასეთი პოლიტიკური განცხადება კეთდება. რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, თავს შეიკავებს სხვისი პოლიტიკური პერსპექტივების შეფასებისგან.

„ქართული ოცნება“ ორიენტირებულია, მოვიდეს უმრავლესობით. ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშაოთ ქვეყნის პრობლემატიკაზე, ქვეყნის ინტერესების გატარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამ კონკურენციაში თუ ვინმე ჯანსაღად შემოვა, არა ვიწრო ინტერესებით, არამედ პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის მომავალზე, ამას მივესალმებით. დანარჩენი არის ხალხის ნება და მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას“, – დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. მისი თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი, დადებით ცვლილებებს ელოდება
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – ვუსმენთ ექსპერტებს, ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ და ნატო-ს წევრი ქვეყნები