ირაკლი სესიაშვილი-რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება დეზინფორმაციაა და ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმას ემსახურება

ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური ლაბორატორია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც იური შვიტკინმა აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური ლაბორატორია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. რაც შეეხება რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილს, რაც ამ შემთხვევაში, არის დეზინფორმაცია და მიზანმიმართულად პერიოდულად ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან ამ ლაბორატორიაზე თავდასხმას. ეს არის პროპაგანდა დეზინფორმაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლის მიზანი არის ერთი მხრივ, საქართველო-შეერთებული შტატების დისკრედიტაცია და საქართველოში გარკვეული ვითომდა ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე. მაგრამ ეს არის სწორედ იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი. ცხადია, ჩვენ ამაზე ყოველთვის გვაქვს მკვეთრი განცხადება, ისევე როგორც შეერთებული შტატების საელჩოს ამაზე არაერთი განცხადება გაუკეთებია. კიდევ ერთხელ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ლუგარის ლაბორატორია არის უნიკალური და ემსახურება მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ეს არის რუსული ნარატივი და ამ ნარატივს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია რეალობა და ობიექტურობა დავუპირისპიროთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიSkygirls-ში მომხდარი ინციდენტის გამო 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა კიბერშეტვით ლუგარიდან ინფორმაცია მოიპოვეს და ატვირთეს