ირაკლი სესიაშვილი : როდესაც უსაფრთხოების საბჭო პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანოა, ძირითად შემადგენლობაში პრეზიდენტი ვერ იქნება

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოა, ძირითად შემადგენლობაში პრეზიდენტი ვერ იქნება.

თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით ამ წუთებში განიხილავენ. დეპუტატებს ცვლილებების არსს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე აცნობს.

სესიაშვილის განმარტებით, საბჭოში გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს, თუმცა პრეზიდენტი ის თანამდებობის პირია, რომელსაც უფლება და საშუალება აქვს, პრემიერთან და მინისტრებთან ნებისმიერ დროს ჰქონდეს ურთიერთობა.

„პრეზიდენტი მინისტრებს შეხვდა და ეს პროცესი გაგრძელდება. პრეზიდენტის ნაწილში ოპოზიციის შენიშვნები არასწორი და სისტემიდან ამოვარდნილია. პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილება მკაფიოდ არის გადანაწილებული. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არანაირ გადაწყვეტილებას არ აიღებს, სათათბირო ორგანოა და ოპონენტებს ეშლებათ, როცა კითხულობენ, პრეზიდენტი ჩართული რატომ არ არის. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მნიშვნელოვანი ორგანოა, რათა უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკის კოორდინაცია და დაგეგმვა მოხდეს. ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო, სადაც ორგანოებს ექნებათ საშუალება, მეტი კოორდინაციით და ნაკლები რესურსის დანახარჯით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობის გაზრდა და ქვეყნის უსაფრთხოებას მოემსახურონ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო არის პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.

„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.

banner
წინა სტატიაშიმიედინება გაზი რუსეთიდან სომხეთისკენ და ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე – გოცირიძე
შემდეგი სტატია“უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის, მომავალშიც იქნება და ეს არის ძალიან ნორმალური”