ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 27, 2019 10:01

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალის წარდგენა დიღმის მთავარ სამმართველოში მოხდა.

როგორც მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა ბრალდება.

„ბრალდება წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას. ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თითქოს მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები და სხვა არაფერი. აქედან რომ წავალ, გადმომცემენ მათ ჩვენებებს. რაც შეეხება მის პოზიციას, ის უარყოფს დანაშაულს. ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა. სულ ცოტა, ათამდე მოწმე გვყავს, რომლებიც დილამდე მის გვერდით იყვნენ და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი.

რაც შეეხება აღკვეთს, სწორი პოზიცია ის იქნება, რომ აღკვეთის გარეშე დატოვოს სასამართლომ, თუმცა რეალობას თუ შევხედავთ, პატიმრობას თუ ასცდება, არ არის გამორიცხული, როგორც მელიას შემთხვევაში, სამაჯურით და სხვა ფორმის აკრძალვებით რომ გააჩერონ და სახლიდან არ გამოვიდეს. არ ვართ თანახმა ამ აკრძალვების. ფაქტობრივად, ეს მისთვის იქნება ციხეში ჯდომის ტოლფასი“, – განაცხადა ადვოკატმა.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 27, 2019 10:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics