ირაკლი ლექვინაძე – ეკონომიკის 6,7 პროცენტიან ზრდაში ბიზნესის აქტივობის დიდი წილია

ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის რეალური მაჩვენებელი ეკონომიკაში პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთითებს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 6,7 პროცენტიან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია, რაც ასახულია სავაჭრო ოპერაციების მიმართულებით ზრდაში, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებზე.

„ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჩვენებს მნიშვნელოვან ზრდას და საქართველოს ეკონომიკის წამყვანი სექტორები. იმედი გვაქვს, გარემო და მთავარია, პოლიტიკური გარემო იქნება სტაბილური, რაც ბიზნესს მუშაობის აქტიურ რეჟიმში გაგრძელების საშუალებას მიცემს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის ხელშემწყობ ფაქტორებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით რეგიონში საქართველო საუკეთესო ადგილად მიიჩნევა, რომელსაც მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგიც ადასტურებს.

„გადასახადების დონე, შრომის ღირებულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ზოგადად ქვეყნის მიდგომა, რომ ბიზნესისთვის იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები, ჯამში, ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის ზრდის მაჩვენებელს, იმედი მაქვს, აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და ინიციატივები, რომლებიც ეხება ბიზნესს, ოპტიმალური და ბიზნესთან შეთანხმებული იქნება, რათა კერძო სექტორს გრძელვადიანი საქმიანობის დასაგეგმად პროგნოზირებადი გარემო ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, 14.1 პროცენტით გაზრდილია შემოსავლები ტურიზმიდან, რაც 246 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 11 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 116 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე 13.9 პროცენტითაა გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა.

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშითბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ღირსების გზა” – პრემია მედიცინის დარგში