ირაკლი კობახიძე-სიურპრიზები „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

„ჩვენ გარკვეული მონახაზი გვაქვს, თუმცა დაგვჭირდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვა. ალბათ, მომავალ კვირაში შედგება ასეთი განხილვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ამ ფორმატში უნდა შევჯერდეთ ყველა იმ შესაბამის რეგულაციაზე, რომელიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში საარჩევნოდ, პანდემიის კუთხით.

ვფიქრობთ, რომ არ შეექმნება ამ პროექტის მიღებას პრობლემები იქიდან გამომდინარე, რომ 113 დეპუტატს და მეტს აქვს დადასტურებული ამ პროექტის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, განწყობა ოპტიმისტურია და კვირას ამ პროექტის სრულ მხარდაჭერას ველოდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ელოდებით თუ არა სიურპრიზებს, კობახიძემ უპასუხა, რომ სიურპრიზები „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იქნება.

„რაც შეეხება ოპოზიციის მხარეს, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებს, აქ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არავითარი სიურპრიზები არ იქნება. თუ არ იქნება სიურპრიზები, ამ შემთხვევაში ეს პროექტი უპრობლემოდ გადის. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს დაუჭერენ საკინსტიტუციო ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, დღეს აშკარაა, რომ არის 113 და მეტი ხმა ამ პროექტის გარშემო.

უმრავლესობის გარეთ 25 დეპუტატია, ვისაც აქვს ნათქვამი, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ. ეს ყველაფერი სხვადასხვა ფორმით დაადასტურეს. მოგიწოდებთ, კითხოთ ამ 25-ვე დეპუტატს, რას აპირებენ კვირა დღეს. ეს დამატებითი გარანტია იქნებოდა იმისთვის, რომ არავითარი სიურპრიზი არ იქნება კვირა დღეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი სლოგანი იცით, მეტი ვანო ოპოზიციას” -ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი-პარტიაში თბილისის ორ ოლქში მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურები განიხილება