ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია

გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, სამწუხაროდ, არგუმენტები, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან ჰქონდა განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულება, ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობის ოფისში ლიეტუვის ელჩი მივიდა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელს შეხვდა