ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები ზვიად კვაჭანტირაძის დასჯას ცდილობდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია, ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები ზვიად კვაჭანტირაძის დასჯას ცდილობდნენ.

დეპუტატი ამბობს, რომ ის მოვლენები, რაც დღეს პარლამენტში ვითარდებოდა, მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ კობახიძე და მისი გუნდის წევრები „ცეტი“ და უმწიფარი პოლიტიკოსები არიან.

ბესელიას აზრით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილმა ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა, კობახიძემ დავალება მიიღო, რომ იმავე დღეს მეორედ გამოეტანა კენჭისყრაზე იგივე საკითხი.

ბესელია არ გამორიცხავს, რომ ეს დავალება ირაკლი კობახიძისთვის ბიძინა ივანიშვილს მიეცა.

„არ გამოვრიცხავ, რადგან არ ვიცი, რა ხდებოდა კულუარებში, მაგრამ გამოჩნდა ის სიმყიფე, სიცარიელე და გამოჩნდა პატარა ჯგუფი, ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც ისე მართავს პარლამენტსაც და ქვეყანასაც, შეიძლება, სერიოზული კატაკლიზმები გამოიწვიოს,“ – ამბობს ბესელია.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ ზვიად კვაჭანტირაძის გაკრიტიკება, რომ დიასპორის კომიტეტის მუშაობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, სრულიად გაუმრთლებელი ბრალდება იყო.

„ამას ამბობს ადამიანი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც საარჩევნო პროცესში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შტაბს ხელმძღვანელობდა და პირველ ტურში არჩევნები წააგო, პრაქტიკულად, ქართულმა ოცნებამ და კინაღამ სააკაშვილი მოგვიყვანა და დაგვისვა,“ – აცადებს ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, თუ ოცნება მაინც მიიღებს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს, გუნდი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება.

„დიდი პოლიტიკური ფასია მეორე მხარს ამ საქციელის და ქმედებების საპირწონედ. ეს არის ის ფასი, რასაც 2020 წელს, ალბათ, ქართველი ხალხი და ამომრჩეველი თავისი გადაწყვეტილებით იტყვის. მეორე, ამის ფასი მე ყველაზე მეტად მაღელვებს იმიტომ, რომ არ მინდა, ამ ქვეყანას და შვილებს დავუტოვოთ სასამართლო, სადაც იქნებიან მოსამართლეები, რომლებიც ისევე პირსისხლიან გადაწყვეტილებებს გამოიტანენ, როგორც გამოჰქონდათ ეს იმ ავბედითი რეჟიმის დროს,“ – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა მცირე ჯგუფმა საკუთარი ინტერესების გატარება ორი ინსტანციის სასამართლოში შეძლო და ახლა ცდილობს, გავლენები უზენაეს სასამართლოში მოიპოვოს.

„ფაქტია ის, რომ მოსამართლეთა ამ პატარა ჯგუფმა საკუთარი ინტერესების გატარება მოახერხეს იუსტიციის საბჭოში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მეორე ინსტანციის სასამართლოში, ახლა მოინდომეს უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდება და ამ ჯგუფს ვერ აჩერებს ვერავინ. ვინ ვისი მძევალია, ამის გარკვევაში შეიძლება, ძალიან ბევრი დრო დაიკარგოს. მე, პირადად, ჩავთვალე, რომ ამის გარკვევის დრო აღარ იყო, იყო მოქმედებების დრო და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც მივიღე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ამბობს, რომ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 10 მოსამართლის მსგავსი კანდიდატურები გავა მომავალშიც, პასუხისმგებლობა იქნება, როგორც გუნდის, ასევე ივანიშვილის.

„პარტიის თავმჯდომარესაც აქვს თავისი გავლენა და ის უნდა ჩაერთოს იმ როლით, რა როლითაც ამ პატარა, უმწიფარ გოგო-ბიჭებს მოიყვანს ჭკუაზე,“ – ამბობს ბესელია.

ბესელიას თქმით, მისი გუნდი ყველანაირად შეეცდება, რომ ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა არ გავიდეს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტში უკრაინელ “პუტინის მძევლებზე” ფილმი აჩვენეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ეს არის ის ქართული ოცნება?