ირაკლი კობახიძე : აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება რეგიონში და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი

ირაკლი კობახიძეამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა აუცილებლად გამყარდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ში, სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით, აშშ სამი ქვეყნის აქტიურ მხარდამჭერად რჩება.

„გვქონდა ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს კოლეგებთან, აღმოსავლეთ ევროპული პარლამენტების სპიკერებთან ერთად. გვქონდა საინტერესო შეხვედრები როგორც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, ასევე, კონგრესმენებთან. ასევე, გვქონდა შეხვედრა უეს მიტჩელთან, სახელმწიფო დეპარტამენტში. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნების წინაშე, კონკრეტულად, საქართველოს წინაშე და გამოვთქვით იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩება ძალიან აქტიურ მხარდამჭერად ჩვენი ქვეყნებისათვის და ამაში ჩვენ ვართ დარწმუნებული. იყო ძალიან კარგი განწყობა, რომელსაც ვხედავთ კონგრესმენებში, ჩვენს ამერიკელ მეგობრებში. არის ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა აუცილებლად გამყარდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო კონგრესმენების მიერ ინიცირებულ წერილსაც, რომელშიც კონგრესის წევრები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ.

მისი თქმით, ინიციატივაზე ხელმოწერები უმოკლეს ვადაში შეგროვდა, რაც იძლევა იმედს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში უახლოეს მომავალში შევა.

„ამერიკელმა კონგრესმენებმა შესაბამისი წერილი გაუგზავნეს შესაბამის სავაჭრო წარმომადგენელს აშშ-ში. ამ მიმართვას ხელს აწერს დაახლოებით 30 კონგრესმენი. უმოკლეს ვადაში შეგროვდა 30 ხელმოწერა ამ ინიციატივის გარშემო, რაც გვიტოვებს იმის იმედს, რომ უახლოეს მომავალში უკვე აქტიურ ფაზაში შევა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით და დარწუნებული ვარ, რომ ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით დაგვირგვინდება. ამ შეთანხმების ხელმოწერას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და ასევე, ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში დღეს წარდგენილი რეზოლუციაზე და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცალკე არის გამოყოფილი ამ რეზოლუციაში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. გამოწვევები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ კუთხით, განსაკუთრებული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნების მიმართ არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ აშშ ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება რეგიონში და არის ჩვენი ქვეყნების ძალიან მყარი მხარდამჭერი. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები. ეს გამოწვევა უკავშირდება ტერიტორიულ მთლიანობას და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის კიდევ ერთი დემონსტრირებაა ეს რეზოლუცია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სხდომის დაწყებამდე ბახტაძე ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა