ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს, რომელიც ყველას გვეხება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, კაცობრიობის მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაა

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს.

„დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ,  რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ; ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად. მთელ ჩვენს ისტორიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში; ბოლო წლებში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ნატო-ს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთოებას. ავღანეთის სამშიდობო მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი დაშავდა. ასე რომ, ვიცით რა, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – 1921 წლის კონსტიტუციამ ხმის უფლება მიანიჭა ქალებს, უზრუნველყო ეროვნული უმცირესობების უფლებები, ასე რომ, თანასწორობა, სხვისი ღირსების პატივისცემა ჩვენი ტრადიციებია