ღარიბაშვილი – 1921 წლის კონსტიტუციამ ხმის უფლება მიანიჭა ქალებს, უზრუნველყო ეროვნული უმცირესობების უფლებები, ასე რომ, თანასწორობა, სხვისი ღირსების პატივისცემა ჩვენი ტრადიციებია

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით. ვამაყობთ, რომ ჯერ კიდევ XII საუკუნეში საქართველოს მართავდა თამარი, თამარ მეფე – კეთილგონიერებითა და სიბრძნით გამორჩეული ქალი, რომელიც არა დედოფლად, არამედ მეფედ იწოდებოდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩნდა მსოფლიოში პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ჩანასახი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ის ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი.

„არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ის ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი; 1921 წლის კონსტიტუციამ, იმ დროისათვის ერთ-ერთმა ყველაზე პროგრესულმა სამართლებრივმა დოკუმენტმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა ხმის უფლება მიანიჭა ქალებს, უზრუნველყო ეროვნული უმცირესობების უფლებები. ასე რომ, თანასწორობა, სხვისი ღირსების პატივისცემა ჩვენი ტრადიციებია. ამავე დროს, იმ პერიოდში, როდესაც ყველაფერი ეროვნული იდევნებოდა, ილია ჭავჭავაძემ, დიდმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა უმთავრესმა შემოქმედმა, რომელსაც ქართველები ერის მამას ვუწოდებთ, გამოკვეთა თითოეული ქართველისათვის უმთავრესი ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია სწორედ ამ მემკვიდრეობას, ამ მონაპოვარს ეფუძნება; იგი იცავს და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის უფლებებს და, ამავე დროს, აღიარებს რა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, მის განვითარებაში, განამტკიცებს უზენაეს და მარადიულ ფასეულობებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს, რომელიც ყველას გვეხება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, კაცობრიობის მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენ ვფლობთ სუპერძალას, ეს არის რწმენა, ოჯახი, ტრადიციები, ამ ძალთა გაერთიანებით შევძლებთ, დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლებისა და სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას