ირაკლი ღარიბაშვილი – ისმის კითხვა, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი?

ისმის კითხვა, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი? ერთის მხრივ, ვუსმენთ მათ აბსურდულ ვერსიებს და ბოდვას, თითქოს ჩამოვიდა, რომ ვაჟკაცობა და თავდადების მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს, რაც სრული აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის მოწყობის მიზნით, სცენარი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მის ჩამოსვლამდე და სწორედ ამიტომაც, მოხდა პრევენცია საჭირო დროს, საჭირო მომენტში და ძალიან სიმბოლურად დაემთხვა 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავება.

„თუ კაცს გინდა, რომ აჩვენო ვაჟკაცობის და თავდადების მაგალით, აიღებ ბილეთს და ჩამოხვალ ჩვეულებრივად, ნორმალურად, ისე, როგორც ეკადრება მით უმეტეს ვის, პრეზიდენტს, მაგრამ ახლა ვთქვათ, ვინ არის პრეზიდენტი. კაცმა, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი, საკუთარი სურვილით დატოვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი ჩააბარა და გახდა უკრაინის მოქალაქე. დამერწმუნეთ, დღესაც ისტერიულად იმეორებს, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე. ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება, იყოს. დღეს ციხეში, ყველას, ვისაც ხვდება, გვაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, გამოდიან ეს ადამიანები, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები, ჩვენთან მოდიან და ამბობენ, რომ ეს კაცი ეუბნება, რომ არის უკრაინის მოქალაქე. ერთადერთი მიზანია თავდაცვა. ვუბრუნდებით სააკაშვილის ჩამოსვლის რეალურ მიზეზს. რა თქმა უნდა, არ არსებობს არავითარი რეალური არგუმენტი, რატომ ჩამოვიდა მაშინ ეს კაცი მალულად, ფარულად, ქურდულად, რატომ შემოიპარა უღირსად. ერთადერთი განზრახვა ჰქონდა – 2 ოქტომბერს ისინი აპირებდნენ, შეეკრიბათ ამომრჩეველი რუსთაველის გამზირზე, ვიდრე გამოცხადდებოდა არჩევნების შედეგები, ის გამოჩნდებოდა უცებ, მოულოდნელად და იტყოდა, აი, ჩამოვედი ისე, რომ ვერ გაიგო მთავრობამ. ამ დროს, რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი იცოდა, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თავიდან ბოლომდე, ვიცოდით, სად იმალებოდა. აქვე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ გასაღებით გავაღეთ ბინის კარი, რომელშიც იგი იმალებოდა. ამით ჩანს ყველაფერი, რომ სრული კონტროლის ქვეშ იყო სიტუაცია და ბუნებრივია, სიმბოლურად დაემთხვა ეს ყველაფერი 1-ელ ოქტომბერს. ახლა, რა უნდა მომხდარიყო ამ აქციაზე. მოგეხსენებათ, ვინაიდან იგი არის ბრალდებული და სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული, სამივე ინსტანციის, ბუნებრივია, პოლიციას მოუწევდა მისი დაუყოვნებლივ დაკავება. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პირდაპირ დაპირისპირებას, პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის და შიგნიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ გათვლა იყო, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციური ლიდერის, არ მინდა გვარები ვთქვა, ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, მკვლელობა პირდაპირ, მისი პარტიის წევრების, 2-3 ადამიანის. წარმოიდგინეთ, არჩევნების შედეგები გამოცხადებული არ არის, მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა, რომ ეს მოხდა, დარბევა და ეს ყველაფერი, სრული დელეგიტიმაცია მოხდებოდა ჩვენი მთავრობის და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობაც, ჩატარებაც და ბუნებრივია, შედეგებიც. შემდეგ იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა. გათვლა იყო, რომ ეს გამოიწვევდა ინსტიტუტების დემორალიზებას და ასეთი სცენარით ჩამოვიდა, რა შეიძლება ამ ადამიანს უწოდო, თუ არა მტერი. ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. არ მინდა, გამოძიების დეტალებში შევიდე, ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ყველა სცენარი და ყველა ვერსია ლეგიტიმურია“, – აღნიშნა პრემიერმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – ისინი არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, ვინაიდან იციან, რომ არავითარი შანსი და პერსპექტივა აღარ აქვთ
შემდეგი სტატიამამუკა წოწერია: არჩევანს ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობას შორის ვაკეთებთ