ირაკლი ჩიქოვანი – პომპეოს ვიზიტი არის კიდევ ერთი მტკიცებულება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში გასამართ ოფიციალურ ვიზიტს ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აფასებს. მისი განმარტებით, ფაქტი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დინამიკაზე მეტყველებს.

,,ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი მტკიცებულება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და იმ ნდობის, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის.

ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აშშ-ის კონგრესმა ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ფინანსური დახმარება 50 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა, ხოლო 2020-21 წლებისთვის კი დაამტკიცა ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მხოლოდ ამ წელს 132 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოეყო.

აღნიშნულმა თანამშრომლობამ უმაღლეს ნიშნულს სწორედ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობები არის მტკიცე და სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება. ვერცერთი სუბიექტის პოლიტიკური სპეკულაცია ვერ დააკნინებს და შებღალავს ამ ურთიერთობას. ქართველი და ამერიკელი ხალხის ერთიანი სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ შეუქცევადია.

საქართველო არის და იქნება დასავლეთისა და, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და სანდო პარტნიორი“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

 

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანსა და ილია მეორეს შეხვდება
შემდეგი სტატიამესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტის გადმოვარდნასთან დაკავშირებით კლინიკა განცხადებას ავრცელებს