ირაკლი ჩიქოვანი – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შესაბამისად, ჩატარდება პროაქტიული თერმოსკრინინგი, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის გასასვლელში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, – ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, უკვე დადგენილია გარკვეული კონტაქტები და მიმდინარეობს მუშაობა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საზოგადოებას Covid-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სტატისტიკა გააცნო.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოში გვყავს 208 ადამიანი დადასტურებული კორონავირუსით, ასევე, 48 გამოჯანმრთელებული, 4682 ადამიანი იმყოფება კარანტინში და 375 სტაციონარში, ყურადღების ქვეშ. სამწუხაროდ, გვაქვს 3 ლეტალური შემთხვევა,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მან აღნიშნა, ტელეკონფერენციის საშუალებით ჩატარებული სხდომის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს წარედგინა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომაში მონაწილეობა საბჭოს ყველა წევრმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშივანსა და ქობულეთში შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე: 3500 საწოლი გვაქვს მობილიზებული