იოსელიანი – ვინც ბოიკოტს აცხადებს, ხელფასზეც უარი უნდა თქვას

პოლიტიკურ ბოიკოტს ყოველთვის უარყოფითად განვიხილავდი და ვთვლი, რომ ვინც ბოიკოტში მიდის, მაშინ კეთილი ინებოს და იმ ხელფასზეც უარი თქვას, რასაც პარლამენტიდან იღებს, მაშინ იყოს ბოიკოტში და ეს იქნებოდა სწორი. მაგრამ თუ გინდა, ბოიკოტში იყო, თან საკმაოდ კარგი გასამრჯელო მიიღო და კომიტეტის სხდომებს ხელი აწერო, რომ ხელფასი არ დაგექვითოს, ეს არის შარლატანობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრების მიერ გამოცხადებულ პოლიტიკურ ბოიკოტს გამოეხმაურა, რომლებიც რეგლამენტის შესაბამისად, პლენარულ სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.

იოსელიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მანდატები რისთვის უნდა, მეორე საკითხია, მაგრამ მთავარია, რომ ამ ადამიანებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზაობა ჰქონდეთ, პარლამენტში შევიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი მანდატები იყოს იმისთვის, რომ ცვლილებები მიიღონ.

„ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვის რა მოტივაცია აქვს, მეორეხარისხოვანია. როცა ცვლილებებს სამი მოსმენით მივიღებთ, შემდეგ შეუძლიათ, მანდატიც დახიონ და სადაც უნდათ, იქ წავიდნენ. თუ ამ პარლამენტში ვინმე ხალხის პრობლემებზე საუბრობს, ერთ-ერთი მე ვარ და ამ შენობაში თავი ისე წარმომიდგენია, რომ ხალხის პრობლემებზე ვისაუბრო, მაგრამ თუ ვინმეს აქედან წასვლა უნდა, კალთებს ვერ დაახევ და ვერ ჩამოეკიდები, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატთა რაოდენობა იმდენად არ უნდა შემცირდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მივიღოთ. როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, შემდეგ ვინმეს წასვლას არ გავამართლებ და ჩავთვლი, რომ ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა იქნება, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. კომიტეტის სხდომებს იმიტომ ესწრებიან, რომ ხელფასები არ დაექვითოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია: მიმდინარეობს მსჯელობა, გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებაზე
შემდეგი სტატიაგელბახიანი სააკაშვილთან შეხვედრაზე: თანხმობა მივეცი ჩავერთო სამართლებრივ პროცესებში